აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონის დახმარება აღუთქვა მოლდოვას, რომელსაც მეზობელი უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიაწყდა.
მოლდოვა ამტკიცებს, რომ, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, 230 ათასმა ლტოლვილმა გადაკვეთა მოლდოვის საზღვარი. მოლდოვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათგან, სულ მცირე, 120 ათასი ქვეყანაში რჩება. მოლდოვა, რომლის მოსახლეობა ორნახევარ მილიონზე ოდნავ მეტია, ითხოვს საერთაშორისო დახმარებას ლტოლვილების სფეროში და ასევე სურს გარანტიები რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ.
მასპინძელთან, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამოსვლისას, ბლინკენმა თქვა, რომ აშშ მხარს უჭერს მოლდოვის სწრაფვას ევროკავშირისკენ, მაგრამ ეს ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს. მოლდოვამ 3 მარტს ოფიციალური განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობის თხოვნით. ამ ნაბიჯმა შეიძლება გააღიზიანოს რუსეთი, რომელსაც მოლდოვის ტერიტორიაზე, სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში, დაახლოებით 1500 სამხედრო ჰყავს განთავსებული.