უკრაინის გენპროკურატურამ რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა. ამის თაობაზე გენპროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა.
ირინა ვენედიქტოვამ ვრცელ პოსტს დოკუმენტებიც დაურთო, რომლიდანაც ჩანს, რომ თინა კანდელაკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით აქვს წარდგენილი, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ქმედებას გულისხმობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თინა კანდელაკის მიერ რუსული პოლიტიკის მხარდამჭერი გამონათქვამები იგულისხმება.
„თქვენს ტელეგრამ-არხს გავეცანი და გავოგნდი. თქვენ კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და სლოგანების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი ხართ. თქვენ, თინათინ გივიევნა, თქვენ. ეს როგორ შეიძლება მართალი იყოს?!" - წერს გენპროკურორი და კანდელაკს იმ დროს ახსენებს, როდესაც ის უკრაინაში მოღვაწეობდა.
ირინა ვენედიქტოვა ასევე წერს, რომ თუ თინა კანდელაკი საზღვარგარეთ წასვლას შეეცდება, მას დააკავებენ და როგორც ბრალდებულს, უკრაინაში გააგზავნიან.