Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ დროებით იკლო


უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსულ ძალებში „უზარმაზარი დანაკარგების“ გამო, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ დროებით იკლო. ამასთან, რეზნიკოვი ფეისბუკზე წერს, რომ რუსი ოკუპანტები ცდილობენ ცოცხალი ძალის და საშუალებების თავმოყრას შეტევის ახალი ტალღისთვის, პირველ ყოვლისა, კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ნიკოლაევის მიმართულებებით.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანახმად, არმიისთვის შეიარაღების და საბრძოლო მასალების მიწოდებაში მნიშვნელოვანი პროგრესია და "მოწინააღმდეგეს სიურპრიზი ელოდება“.

უკრაინა, რომელსაც ნატოს წევრი სახელმწიფოები გარკვეული სახეობის იარაღს აწვდიან, თვითმფრინავებით დახმარებას ითხოვს მას შემდეგ, რაც ნატომ უარი თქვა უკრაინის საჰაერო სივრცე გამოეცხადებინა ფრენისგან თავისუფალ ზონად.

6 მარტს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს პოლონეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას, თუ პოლონეთი გადაწყვეტს, თავისი ავიაგამანადგურებლები უკრაინას მიაწოდოს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG