Accessibility links

site logo site logo

საქართველო რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ მოხვდა


რუსეთის მთავრობამ შეადგინა რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვენების“ სია.

ნუსხაში მოხდნენ: ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეა, სან მარინო, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია და იაპონია.

სიაში არ მოხვდა საქართველო, რომლის მთავრობამაც, „ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, უარი განაცხადა შეერთებოდა რუსეთისადმი დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს.

ნუსხაში არ არის ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთი ქვეყანა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების გარდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 6 მარტს გამოსცა განკარგულება და დაავალა მთავრობას, ორი დღის განმავლობაში განესაზღვრათ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ "არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან".

პუტინის ბრძანებულებით, რუსულ ორგანიზაციებს „არამეგობრული ქვეყნების“ კრედიტორებისადმი ვალის რუსულ რუბლში გადახდის უფლება მიენიჭებათ ან ცენტრალური ბანკისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული „სხვა გზით“.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG