Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ უარყო ჰუმანიტარული დერეფნების მარშრუტების რუსული ვარიანტები


7 მარტის დილიდან რუსეთმა გამოაცხადა, რომ „სიჩუმის რეჟიმის“ ჩარჩოებში ხსნის ჰუმანიტარულ დერეფნებს კიევიდან, მარიუპოლიდან, ხარკოვიდან და სუმიდან.

ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება „კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობის“ გათვალისწინებით და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პირადი თხოვნით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი, წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს, რომ "თხოვნა" ასე იყო ფორმულირებული. მათი განცხადებით, მაკრონმა, პირველ რიგში, პუტინს მოუწოდა შეწყვიტოს თავდასხმა და დაბომბვა, ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.

ცნობაში აღწერილია ჰუმანიტარული დერეფნების შეთავაზებული ვარიანტები, მაგრამ თუ მარიუპოლიდან და სუმიდან რუსეთში ან დასავლეთით, უკრაინის იმ რეგიონებში გასვლას სთავაზობენ ხალხს, სადაც არ არის რუსეთის ჯარი, კიევიდან მოსახლეობას მხოლოდ ბელარუსში შეუძლია წასვლა იმ ტერიტორიების გავლით, რომლებიც რუსეთის ჯარს აქვს დაკავებული, ხოლო ხარკოვიდან - მხოლოდ რუსეთში.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა, ირინა ვერეშჩუკმა, დაადასტურა რუსეთის მხარის წინადადება. მან განაცხადა, რომ უკრაინა არ ეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შეთავაზებულ მარშრუტებს და წინააღმდეგია მათი გახსნისა რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტის, ვოდოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა ამორალური უწოდა რუსეთის შეთავაზებას და თქვა, რომ მათი მიზანია მხოლოდ ის, რომ რუსეთმა "ტელევიზიით აჩვენოს", ვითომ როგორ ეხმარება რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს. უკრაინამ რუსეთს მოუწოდა გახნას „რეალური“ ჰუმანიტარული დერეფნები.

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ამ ქვეყნის რამდენიმე დიდი ქალაქი აღმოჩნდა მთლიანად ან ნაწილობრივ ალყაშემორტყმული. ესენია: ჩერნიგოვი, ხარკოვი, სუმა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლში, რომელიც ფაქტობრივად ბლოკირებულია. წინა ორი შეთანხმების შედეგად მოსახლეობამ ვერ მოახერხა დაეტოვებინა მარიუპოლი. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს შეთანხმების დარღვევაში.

7 მარტის ღამით გაგრძელდა ცეცხლის გახსნა ქალაქებისთვის, დაზიანდა შენობები ხარკოვსა და ნიკოლაევში. უკრაინის დედაქალაქთან მდებარე, რუსეთის ჯარის ხელში მყოფი ჰოსტომელის ადმინისტრაცია იტყობინება დაბის თავის, იური პილიპენკოს მოკვლის შესახებ. არსებული ცნობით, ის მოკლეს ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს. რუსეთის მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

7 მარტს უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის მე-12 დღეა.

XS
SM
MD
LG