Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ სუმის ჰუმანიტარული დერეფანი გაუხსნეს


უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაადასტურეს, რომ ქალაქ სუმიდან დაიწყო მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია.

პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ტელეგრამ-არხით ავრცელებს ვიდეოს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუმის მისცეს „მწვანე დერეფანი“ და დაიწყო ევაკუაციის პირველი ეტაპი.

სააგენტო „უნიანი“ უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრ ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის, რუსეთის და „წითელი ჯვრის“ მიერ შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტია სუმი-პოლტავა. ვერეშჩუკმა რუსეთს მიმართა, ევაკუაციის შეთანხმებული პროცესი არ ჩაშალოს.

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქი სუმი წუხელაც დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადასტურებულია 21 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 2 ბავშვის სიკვდილი.

კიევიდან 27 კილომეტრში მდებარე ქალაქ ირპინიდან მოქალაქეთა ევაკუაციის გაგრძელების შესახებ იუწყება კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება. მისი ინფორმაციით, ირპინის მცხოვრებნი კიევისკენ ფეხით მიდიან. კულებას თანახმად, დილის მდგომარეობით ევაკუირებულია 150-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის ბელარუსის ტერიტორიაზე 28 თებერვლიდან დაწყებული მოლაპარაკების სამი რაუნდის განმავლობაში, მხარეებმა ერთადერთ შეთანხმებას - ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას 3 მარტს მიაღწიეს. 5 მარტს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა მარიუპოლში, რათა ქალაქის მცხოვრებთ ჰუმანიტარული დერეფნით ესარგებლათ, თუმცა რეჟიმი დაირღვა, რაშიც უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

7 მარტს, რუსეთმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიდა კიევის, ხარკოვის, სუმის და მარიუპოლისთვის. რუსეთი კიევში მყოფთ სთავაზობდა ჯერ ბელარუსში და იქიდან რუსეთში გამგზავრებას, ხოლო მარიუპოლიდან, ხარკოვიდან და სუმიდან რუსეთის ქალაქებში - ტაგანროგსა და ბელგოროდში. უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის მიერ განსაზღვრულ ამ მარშრუტებზე უარი თქვა.

XS
SM
MD
LG