გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის თანახმად, 2 მილიონს მიუახლოვდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც, რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენციის შედეგად, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა და თავშესაფრის საძებნელად მეზობელი ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი.
ამის შესახებ გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ, 8 მარტს ისაუბრა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც მოინახულა მოლდოვაში, პოლონეთსა და რუმინეთში უკრაინელი დევნილებისათვის მოწყობილი თავშესაფრები.
ფილიპო გრანდიმ ხაზი გაუსვა, რომ ბალკანეთში, ბოსნიასა და კოსოვოში რვაწლიანი ომის შედეგად დევნილად იქცა 2-დან 3-მილიონამდე ადამიანი, მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ომის ორი კვირის განმავლობაში, უკრაინელ დევნილთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევს.
ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ბევრი უკრაინული ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გამოსვლას ჰუმანიტარული დერეფნების არარსებობის გამო.
წინა დღით, 7 მარტს, გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, უკრაინიდან დევნილთა რაოდენობა 1,7 მილიონს ითვლიდა.