Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესში მომზადდა კანონპროექტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეჩერების შესახებ


ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა განაცხადა, რომ მოამზადეს კანონპროექტი რუსეთთან და ბელარუსთან „მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ გაწყვეტის შესახებ, რაც მინიმალურ სავაჭრო ტარიფებს გულისხმობდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს, მათ შორის, რუსეთის ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც - უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. „რუსეთი უკრაინაზე აგრძელებს თავდასხმას, რომელიც პროვოკაციის გარეშე წამოიწყო მოსკოვმა და ჩვენ შევთანხმდით" საკანონმდებლო გზაზე, რომელიც მიგვიყვანს რუსეთიდან ენერგეტიკული პროდუქტების აკრძალვასა და რუსეთთან და ბელარუსთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეჩერებასთან,“ - ნათქვამია კანონმდებლების განცხადებაში.

კანონპროექტს მხარს უჭერენ როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლები. მას უახლოეს მომავალში განიხილავენ. მისი მიღების შემთხვევაში, დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელსაც დღემდე ამგვარი ნაბიჯის სასარგებლოდ პოზიცია არ გამოუხატავს. ასეთ ზომას შეიძლება მოჰყვეს საწვავის ფასის გაზრდა აშშ-ში.

აშშ-ში მოხმარებული საწვავის 7 პროცენტი რუსეთიდან არის იმპორტირებული. 6 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი განიხილავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას.

„ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ სტატუსის გაუქმება რუსეთთან და ბელარუსთან გამოიწვევს მათ პროდუქტებზე გადასახადის, ახლა 3-პროცენტის, 30-პროცენტიან ზრდას.

რუსეთს აშშ-ში შეაქვს ნავთობის გარდა ლითონები, მათ შორის პლატინა და სასუქები. ამ ზომების მიზანია რუსეთს საფინანსო და ეკონომიკური დარტყმა მიაყენონ და წაართვან სახსრები უკრაინაში საომარი მოქმედების საწარმოებლად.

XS
SM
MD
LG