Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის ემოციური გამოსვლა ჰქონდა ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა, გაიხსენა ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი უინსტონ ჩერჩილი, ასევე შექსპირი და თქვა, რომ მისი ქვეყანა ბოლომდე იბრძოლებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქალაქებში, ველებზე და მდინარეების ნაპირებზე.

ზელენსკიმ ბრიტანელ კანონმდებლებთან მიმართვისას თქვა: „ჩვენ არ დავნებდებით და არ დავმარცხდებით“, რითაც მინიშნება გააკეთა ჩერჩილის გამონათქვამზე მეორე მსოფლიო ომის რთულ დღეებში: „არასოდეს დანებდე“.

დეპუტატებით სავსე თემთა პალატის წინაშე ვირტუალური გამოსვლისას, ზელენსკიმ მოუწოდა ბრიტანეთს, გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აღიაროს რუსეთი „ტერორისტულ ქვეყნად“.

8 მარტის გამოსვლა თემთა პალატაში იყო უპრეცედენტო, რადგან, როგორც წესი, იქ უცხოელ ლიდერებს გამოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ ხოლმე.

თემთა პალატა აღჭურვილი იყო ვიდეოეკრანებით, უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის ქვეყანა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას, გაიმეორა თავისი მოწოდება დასავლეთისადმი, უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ.

ზელენსკის გამოსვლა შედგა მალევე მას მერე, რაც ბრიტანეთის მრეწველობის და ენერგეტიკის მინისტრმა კვაზი კვარტენგმა გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი ეტაპობრივად შეწყვეტს რუსეთის ნავთობპროდუქტების იმპორტს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ჩარჩოებში, რომლებიც დაუწესდა მოსკოვს უკრაინაში სამხედრო შეჭრის გამო, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.

თავისი გამოსვლისას თემთა პალატის წინაშე, ზელენსკი, უსაფრთხოების გამო, იძულებული იყო საიდუმლოდ შეენახა თავისი ადგილსამყოფელი. მან ხაზი გაუსვა უკრაინის ხალხის სურვილს, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და მოიხმო ცნობილი ფრაზა შექსპირის „ჰამლეტიდან“: „ყოფნა, არყოფნა? საკითხავი აი, ეს არის.“ „ო, არა, ეს შექსპირის შეკითხვაა, 13 დღის განმავლობაში შეიძლებოდა ამ შეკითხვის დასმა", - განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც დააზუსტა, რომ ახლა მას შეუძლია თქვას გარკვეულად, "დიახ, ყოფნა!“

ზელენსკიმ ბრიტანელ პარლამენტარებს გაახსენა მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, როცა ბრიტანეთი ანტიჰიტლერულ კოალიციაში შედიოდა. ჩვენც დილემის წინაშე აღმოვჩნდით, როგორც თქვენ მეორე მსოფლიო ომის დროსო, განუცხადა მან ბრიტანეთის თემთა პალატას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელმაც ზელენსკისგან პირადი მადლობა მიიღო მხარდაჭერისთვის, თქვა, რომ ბრიტანეთის პარლამენტის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, პალატას ასეთი მიმართვა არ მოუსმენია.

XS
SM
MD
LG