Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ეროვნული უნივერსიტეტი რიჟვაძეზე: ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენს ყოფილ სტუდენტს უკრაინა არ შეუყვარდა

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი ოფიციალურ საიტზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ბიოგრაფიულ ინფორმაციაში არსებული უზუსტობაზე წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს არ მიუღია კიევის უნივერსიტეტის დიპლომი: „2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო საკუთარი ნებით გარიცხეს. ამრიგად, სწავლის ეს პერიოდი არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა“, - წერია უნივერსიტეტის საიტზე 8 მარტს განთავსებულ განცხადებაში, რომლის დასასრულს აღნიშნულია: „ძალიან ვწუხვართ, რომ მას, როგორც ჩვენს ყოფილ სტუდენტს, უკრაინა არ შეუყვარდა“.

აჭარის მთავრობის ოფიციალურ საიტზე, თორნიკე რიჟვაძის ბიოგრაფიულ მონაცემებში განათლების ჩამონათვალში წერია: 2015 - დღემდე-ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დოქტორანტურა - Ph.D „ენერგეტიკის სამართალი”.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უკრაინელი ჟურნალისტების და მეცნიერების ჯგუფმა Миротворець-მა რუსი სამხედრო დამნაშავეების ხელშემწყობად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის უარმყოფლად და უკრაინის წინააღმდეგ ჰუმანიტარული აგრესიის აქტების მონაწილედ 8 მარტს გამოაცხადა. ორგანიზაცია სამართალდამცავ უწყებას რეაგირებას სთხოვს.

ჯგუფის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რიჟვაძეს ბრალს სდებენ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციით მანიპულირებაშიც. უკრაინული ჯგუფი სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვს, რიჟვაძის შესახებ გამოქვეყნებული ეს პუბლიკაცია განიხილონ როგორც განცხადება, მის მიერ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოების და საერთაშორისო სამართალწესრიგის წინააღმდეგ გათვითცნობიერებული ქმედებების ჩადენის შესახებ.

7 მარტს რიჟვაძეს "TV პირველის" ჟურნალისტმა ჰკითხა, ვინ დაიწყო ომი - უკრაინამ თუ რუსეთმა, რაზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასე უპასუხა: "ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს... მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას".

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ TV პირველის ჟურნალისტის კითხვას პროვოკაციული უწოდა და თქვა, რომ ადასტურებს მხარდაჭერას და თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ. რთულ მომენტში „კონკრეტული ნაბიჯებით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ აჭარაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მასპინძლობისთვის“.

მთავრობის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ 2015 წელს მართლაც ჩააბარა ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით: „2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი“.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს თანახმად, ლტოლვილად იქცა 2 მილიონამდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG