Accessibility links

site logo site logo

გომელაური რუსეთის მოქალაქეებზე: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შემოსულთაგან 3 ათას ადამიანს არ დაუტოვებია საქართველო


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ 2022 წელს საქართველოში რუსეთიდან უფრო ნაკლები ადამიანია შემოსული, ვიდრე გასულ წლებში, პანდემიამდე. მინისტრის თქმით, 24 თებერვლიდან 9 მარტამდე შემოსულია დაახლოებით 20 ათასი ადამიანია, მათგან 3 ათასს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია.

"საზღვარი კონტროლდება უმაღლეს დონეზე, მათ შორის მწვანე ტერიტორიაზე... 2019 წელსა და 2021 წელს თუ შევადარებთ, რუსეთიდან 70 პროცენტია შემოსული. ომის დაწყებიდან დღემდე არის 20 ათასზე ოდნავ მეტი შემოსული, როცა 2019 წელს ანალოგიურ პერიოდში იყო 40 ათასამდე...

მათგან ბევრი შემოდის თურქეთის მიმართულებიდან ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავის ქვეყნებში - უმეტესად არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც თურქეთში ქირაობენ ავტობუსებს და გადიან ლარსიდან. ესეც ითვლება ამ რაოდენობაში.

დაახლოებით 3 ათასი ადამიანია შემოსული, რომელიც ჯერ არ გასულა..." - თქვა გომელაურმა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და სანქციები დაწესდა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა. 6 მარტს სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომლებშიც ასახული იყო ბანკომატებთან რიგები.

უკვე მეთოთხმეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG