შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი დაისჯება მკაცრად, რომლებიც პოლიციელებს "არანორმალურად" მოექცევიან. ასე გამოეხმაურა მინისტრი ორი დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ პერფორმანსს, რა დროსაც მოქალაქეებმა ტუალეტის ქაღალდები და ფქვილი დაყარეს. იმ დროს იქ პოლიციის კორდონი იდგა და მათი ნაწილი დაისვარა, ნაწილს კი ნასროლი ქაღალდები მოხვდა.
"რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი შემთხვევა და მიუღებელი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც ვაჟკაცურად ითმენდა - ეს ადამიანები სამი და ოთხი დღე გარეთ არიან რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან.
დგანან და ტუალეტის ქაღალდებს, კეტჩუპებს და ფქვილს აყრიან თავზე - არ ვიცი, რა დავარქვა ამ საქციელს. ეს არის არანორმალური საქციელი და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის მასე იქნება. ამას არ ვაპატიებთ არასოდეს!" - თქვა მინისტრმა.
7 მარტს საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციის რუსთაველის გამზირზე გამართვის შემდეგ მოეწყო - აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ტუალეტის ქაღალდები ისროლეს. ამ დღეს პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავა, მათგან დაკავებული სამივე ქალი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დაკავებული კაცები კი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან.