Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ლინგვისტურ გამოცდაზე ჩაიჭრა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატის 8 მარტს ჩატარებული ლინგვისტური გამოცდების [ოსური და რუსული ენების] პირველი შედეგები გამოაცხადა. ესენი არიან: ვლადიმერ ფუხაევი, ანატოლი ბიბილოვი, იბრაგიმ გასეევი, გენო კაჟაევი და ალან გაგლოევი.

„ორმა კანდიდატმა - ვლადიმერ ფუხაევმა და გენო კაჟაევმა - ვერ ჩააბარა გამოცდა. შესაბამისად, გამოდის, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა სახელმწიფო ენებში. პრეზიდენტობის დანარჩენმა სამმა პრეტენდენტმა - ანატოლი ბიბილოვმა, იბრაგიმ გასეევმა და ალან გაგლოევმა - ლინგვისტური ტესტები ჩააბარა და დადებითი შეფასება მიიღეს", - დააზუსტა დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა იგორ ჩოჩიევმა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტობის 15 კანდიდატი, 8-დან 10 მარტამდე, ოსური და რუსული ენების ცოდნის ლინგვისტურ გამოცდას აბარებს.

თითოეულმა მათგანმა უნდა დაწეროს ორი კარნახი ოსურ და რუსულ ენებზე და გაიაროს ზეპირი გასაუბრება კომისიის წევრებთან. „აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის შესახებ“ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, ცესკოსთვის საჭირო დოკუმენტაციის პაკეტისა და მხარდამჭერთა ხელმოწერის ფურცლების მიწოდების გარდა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა ოსური და რუსული ენების ცოდნის დონეზე. კანდიდატებმა უნდა დაწერონ ორი კარნახი - ოსურ და რუსულ ენებზე, ასევე მოამზადონ ზეპირი პრეზენტაცია არანაკლებ ხუთი წუთის ხანგრძლივობით“, - განმარტავენ ცესკოში.

ამ გამოცდების მიმართ ოსურ საზოგადოებაში განსხვავებული დამოკიდებულებაა. კანდიდატები მიუთითებენ, რომ ისინი არათანაბარ პირობებში არიან, ადგილობრივი დამკვირვებლები კი საგამოცდო პროცედურების გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ. ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის საბოლოო რეგისტრაციამდე დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტობის" მსურველებმა ჯერ საინიციატივო ჯგუფები შექმნეს და კრებები ჩაატარეს, შემდეგ 3500-კაციანი მხარდამჭერთა სიები წარადგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 15 მარტამდე ამ სიებს გადაამოწმებენ. გამოცდების შემდეგ გადაწყდება მათი საბოლოო რეგისტრაციის საკითხი.

ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო მარათონს რამდენიმე მსურველი უკვე გამოეთიშა და კიდევ არაერთი მათგანი დარჩება არჩევნების მიღმა, რადგან საგამოცდო კომისია ბიბილოვის ხალხითაა დაკომპლექტებული. გამოცდებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 პედაგოგი ატარებს. კომისიაში რუსული და ოსური ენების სპეციალისტები შედიან. კომისიას ხელმძღვანელობს პროფესორი ზოია ბიტართი.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისია 15 მარტამდე შეამოწმებს ე.წ კანდიდატების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციის პაკეტებს, მათ შორის ხელმოწერების ფურცლებს, შემდეგ კი მიიღებს გადაწყვეტილებას მათ რეგისტრაციაზე ან დასაბუთებულ უარს ეტყვის. 15 მარტს ოკუპირებულ რეგიონში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG