უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იმყოფება თურქეთში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უნდა შეხვდეს. თურქეთში უკვე ჩავიდა ლავროვიც.
დღეს, 10 მარტს, ანტალიაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.
მანამდე ჩავუშოღლუმ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჯერ კულებასთან და შემდეგ ლავროვთან.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ 7 მარტს განაცხადა, რომ თურქეთის დიდი ძალისხმევის შედეგად, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დათანხმდნენ ანტალიაში, დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრას.
თურქეთში გამგზავრებამდე დმიტრო კულებამ თქვა, რომ ლავროვთან შეხვედრისგან რაიმე განსაკუთრებულ შედეგს არ ელოდება.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.
დაწერეთ კომენტარი