ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი თურქეთში გაემგზავრა უკრაინის ატომური ენერგობლოკების დაცვის და მათი უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვედრებს ანტალიაში გამართავს. თურქეთის ამ ქალაქში უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
9 მარტს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სარაკეტო იერიშის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში, სადგური ენერგომომარაგების გარეშე დარჩა და საბრძოლო მოქმედებების გამო შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ენერგომომარაგების აღდგენა. ელექტროენერგიის შეწყვეტამ საფრთხე შეუქმნა 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენებს, რომელთა მუდმივი გაგრილებაა აუცილებელი რადიაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
ერთი დღით ადრე, 8 მარტს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან.
1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.
3 მარტს, ღამით, რუსი სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინელმა მაშველებმა ხანძარი 4 მარტს, გამთენიისას ჩააქრეს. იმავე დღეს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი არ შეცვლილა.
უკრაინის ტერიტორიაზე 15 ატომური ენერგობლოკია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მზად არის უკრაინაში ჩავიდეს და დაეხმაროს ბირთვული ობიექტების დაცვაში.
დაწერეთ კომენტარი