Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - უკრაინის ომბუდსმენი


უკრაინის სახალხო დამცველის, ლიუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ასეთია ომბუდსმენის ხელთ არსებული ინფორმაცია, 10 მარტის დილის მონაცემებზე დაყრდნობით.

ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში საჰაერო დარტყმის შედეგად დაინგრა 7 კერძო სახლი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

ხარკოვის რაიონის სოფელ ჟუკოვსკის ბაზრობის დაბომბვისას დაიღუპა 16 წლის ბიჭი.

9 მარტის ღამით ხარკოვის ოლქის იზუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ჭურვი კერძო სახლს მოხვდა. დაიღუპა 4 ადამიანი. 2 ქალი და 2 ბავშვი, 5 წლის გოგონამ გადარჩენა მოახერხა.

კიევის ოლქის ქალაქ ირპენში დაიჭრა 10 წლის გოგონა, რომელიც ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ქვეყანა „გადაჭარბებულ საფასურს“ იხდის რუსეთის უკრაინაში შეჭრის და მის მიერ ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის.

„დაჟინებით მოვითხოვ, ნატოს ქვეყნებო, დაეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებას - დახურეთ ცა უკრაინის თავზე!!“ - წერს ლიუდმილა დენისოვა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG