Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო: 2008 წლის ომზე საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა


ფოტო არქივიდან, 2008 წლის აგვისტო, ომი.
ფოტო არქივიდან, 2008 წლის აგვისტო, ომი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მორიგ გამარჯვებად აფასებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ.

"პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ", - აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

დაპატიმრების ორდერები გამოიცა:

  • მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი);
  • ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი);
  • დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი).

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება:

"რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე...

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით".

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გადის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება 2016 წლის იანვარში დაიწყო. ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, მსხვერპლთა ისტორიებს ემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG