კომპანია Meta ფეისბუკისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში ნებას დართავს რუსეთის სამხედროების მისამართით მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების შემცველი პოსტების გამოქვეყნებაზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს კომპანიის შიდა წერილებზე დაყრდნობით, რომლებიც მოდერატორებისთვისაა განკუთვნილი.
ასევე დროებით ნებადართულია შეტყობინებების პუბლიკაცია, რომლებიც სიკვდილს უსურვებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას. Meta-ს წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე შეიცვალა წესები.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ცვლილებები შეგვაქვს პოლიტიკური გამოხატულების ფორმებში, რომლებიც ნორმალურ პირობებში დაარღვევდა ჩვენს წესებს, მათ შორის არის სისასტიკისკენ ისეთი მოწოდებები, როგორიცაა „სიკვდილი რუს ოკუპანტებს“. ჩვენ კვლავაც არ დავუშვებთ მოწოდებებს რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სტოუნის განცხადებაში.
აშშ-ში რუსეთის საელჩომ კომპანიის მოქმედებას „ექსტრემისტული საქმიანობა“ უწოდა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა Meta-ს პასუხი აგებინოს.
„აღშფოთებას იწვევს Meta-ს აგრესიული და დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ ზიზღისა და მტრული დამოკიდებულების გაღვივებას იწვევს. კომპანიის მოქმედება კიდევ ერთი მაგალითია წესების გარეშე საინფორმაციო ომისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მედიაკორპორაციები დასავლეთის მმართველი წრეების პროპაგანდისტულ მანქანებად იქცნენ, -“ ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.