Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისი ცნობით, ამჟამად ელექტროსადგურზე ერთი სექციის შეკეთება გახდა შესაძლებელი, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება არ განახლდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქსელი სხვა ადგილებშიც დაზიანებულია. „სარემონტო სამუშაოები ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების მიუხედავად გაგრძელდება“, - ამბობს მარიანო გროსი.

უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება 9 მარტს შეუწყდა.

როგორც 9 მარტს უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორმა, „უკრენერჰომ“ განაცხადა, ელექტრომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენებს, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს, რათა არ მოხდეს რადიაციის გაჟონვა და საფრთხე არ შეექმნას „უკრაინას, რუსეთს, ბელარუსსა და ევროპას“.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან. ამ კავშირის დაკარგვის შესახებ სააგენტომ 8 მარტს განაცხადა.

1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 8 მარტს უკრაინამ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვისთვის აუცილებელია ტექნიკური პერსონალის და დაცვის სამსახურის დაახლოებით 210 თანამშრომლის როტაცია. ისინი 24 თებერვლის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობენ და, უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე. უკრაინა საერთაშორისო სააგენტოს სთხოვს, მოამზადოს პერსონალის შეცვლის და როტაციის ეფექტიანი სისტემის გეგმა.

3 მარტს, ღამით რუსეთის სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინელმა მაშველებმა ხანძარი 4 მარტს, გამთენიისას ჩააქრეს. იმავე დღეს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი არ შეცვლილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG