Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ შენდეროვიჩი: „პუტინის სიკვდილი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს“


ვიქტორ შენდეროვიჩი
ვიქტორ შენდეროვიჩი

რუსმა მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა 2022 წლის იანვრის შუა რიცხვებში დატოვა ქვეყანა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო. რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ტელეპროექტის, Current Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შენდეროვიჩი ლაპარაკობს უკრაინაში მიმდინარე ომზე, პუტინზე, რუსეთის ხელისუფლებაზე და იმაზე, თუ რატომაა, მისი აზრით, დიქტატორის სიკვდილი დღესასწაული.

პუტინი და ომი

პუტინმა ომი წააგო. პუტინმა ომი უკვე წააგო. რუსეთმა ომი წააგო, რუსეთმა წააგო ყველაფერი, რუსეთმა წააგო მომავალი...

კაცმა რომ თქვას, რუსეთი არ არსებობს, არ არსებობს რუსეთის სახელმწიფო. ის, რასაც ვხედავთ, არის აგონიაში ჩავარდნილი დრაკონი, რომელიც ტორებსა და კუდს სცემს ყველაფერს. ამ აგონიაში მყოფ დრაკონს ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამხელა იქნება ეს ზიანი: კიდევ რამდენი სიცოცხლეა საჭირო, რამდენი სიცოცხლე, რა ზარალად დაუჯდებათ ყველაფერი ეს უკრაინის ქალაქებს. მაგრამ პუტინმა, რა თქმა უნდა, ომი წააგო. დიდი სტრატეგობა არაა ამისთვის საჭირო. მას ოსური ვარიანტის იმედი ჰქონდა: სწრაფად დაერტყა და მერე ეთქვა, რომ ასეც იყო. მსოფლიო კი მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა: „ახლა რაღა ვიღონოთ, ახლა საქმე ასეა“.

ახალგაზრდა და ჯერ კიდევ ნიჭიერ ნიკიტა მიხალკოვს ფილმების გადაღებისას ასეთი ანდაზა ჰქონდა: „როგორც გამოვიდა, ისე გვინდოდა“. ეს ძალიან მომხიბვლელია, როცა საქმე ეხება კინოს და ძალიან ნიჭიერ კინოს, როცა შესაძლოა მართლა გამოდის არა ის, რაც ჩაიფიქრე, არამედ ზოგჯერ გამოდის უკეთესად, ვინაიდან ნიჭიერი ხარ. როგორც გამოვიდა, ისე გვინდოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ იხტიბარს არ იტეხენ.

ცხადია, რუსეთი არასოდეს დაიკავებს უკრაინის ქალაქებს, მას შეუძლია ისინი მტვრად აქციოს, ეს კი. არ ვიცი, რამდენი რაკეტა „კალიბრი“ დარჩათ, მტვრად ქცევა შეიძლება, რაღაც რაოდენობის ხალხის მოკვლა ჯერ კიდევ შეიძლება, სისხლის დაღვრა შეიძლება, მაგრამ მიწაზე არა, არ შევლენ, კიევს არ დაიკავებენ. და რომც დაიკავონ, რას გააკეთებენ იქ? მათ ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ. ამიტომ ახლა, ამ ვითარებაში, როცა სავსებით გასაგები გახდა, კი, ისინი რიტორიკას ცვლიან, ვნახოთ, რას გააკეთებენ.

ოღონდ სასურველია, რომ დასავლეთი კვლავ არ ჩავარდეს მარაზმში და პუტინთან როგორც პარტნიორთან არ დაიწყოს ლაპარაკი. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველას, და პირველ რიგში უკრაინას, ძალიან ძვირად გვიჯდება ეს კოლექტიური ჩემბერლენი ათწლეულების განმავლობაში.

პუტინი და უკრაინა

პუტინი უკრაინაზე შურს იძიებს. ამოცანაზე თუ ვლაპარაკობთ, კაცმა რომ თქვას, შურისძიება ყველაზე ზუსტად აღწერს იმას, რაც ხდება. „ნურავის ერგები“, კარანდიშევის არ იყოს, „ჩემი არ იქნები, ესე იგი საერთოდ არ იარსებებ“ - ეს არის და ეს, ესაა მთელი ლოგიკა. ეს შურისძიებაა. ესაა ერთადერთი, რაც მას შეუძლია: მტვრად აქციოს კიევი, ხარკოვი, ეს შეიძლება გამოუვიდეს, ვინაიდან მას აქვს ბირთვული იარაღი და დასავლეთს ეშინია, უბრალოდ გაანადგუროს რუსეთის არმია, რაც სავსებით შეუძლია ნატოს.

ან ის ამ ბირთვული იარაღით შანტაჟის მეშვეობით უბრალოდ გაანადგურებს უკრაინას, რასაც ახლა აკეთებს კიდეც. რას ფიქრობენ ის გენერლები, რომლებიც გასცემენ ამ ბრძანებებს და რით ფიქრობენ და რა აქვთ იქ შიგნით, რა ზომამდე შეშლილები არიან ისინი, რა ზომამდე - ცინიკოსები, არ ვიცი. ხომ ნახეთ პუტინის ის საუბარი, ასე ვთქვათ, რუსეთის ელიტასთან. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მეტყველი ვიდეოა. ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს პარალიზებულ ზომბებთან. ეს უკვე აღარავითარი ელიტა აღარაა, ესაა არარაობა, რასაც როგორც გინდა, ისე მოექცევი. და ვფიქრობ, ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ რამეში შესწინააღმდეგებოდნენ პუტინს, უკვე მრავალი მრავალი წელი ვერ ახერხებენ მასთან სალაპარაკო მანძილზე მიახლოებას, ამიტომ თუკი ვინმეს რამე ესმის, ესმის თავისთვის და პუტინისგან შორს.

პუტინი და სიკვდილი

ნუ ვიქნებით ფარისევლები, ტირანის სიკვდილი ისტორიის კეთილი დასასრულია. ფარისევლობაა ამ დროს ადამიანის სიცოცხლის ლეგიტიმურობასა და ღირებულებაზე ლაპარაკი. ტირანის სიკვდილი ყოველთვის ზეიმია. მე ვმეგობრობდი გულაგელებთან. ლევ იმანუილის ძე რაზგონიც, ვაცლავ იანის ძე დვორჟეცკიც მეუბნებოდნენ, რომ მეზეიმა 5 მარტი, ეს დღესასწაულია. როცა ტირანი ჩაძაღლდება ხოლმე, ეს ზეიმია, ვინაიდან ტირანის სიკვდილი იხსნის უზარმაზარი რაოდენობის ადამიანთა სიცოცხლეს, პუტინის სიკვდილი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. და სისულელეებს შევეშვათ: ეს კეთილი დასასრულია. პუტინის სიკვდილი პრაქტიკულად ყველასთვის სასიხარულო იქნებოდა.

მოვლენებს თავ-თავიანთ სახელებს ვარქმევ, ეს იქნებოდა დიდი საჩუქარი ყველასთვის, მათ შორის შოიგუსთვის, და შეიძლება პირველ რიგში შოიგუსთვის, ვინაიდან ის ერთ-ერთია იმ პოტენციურ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება მოძებნოს ხელისუფლებამ. აღარაფერს ვამბობ უკვე Forbes-ის მთელ სიაზე, რომელსაც დიდი ხანია სძინავს და ოცნებობს, რომ შერჩეთ ყველაფერი, რის მოხვეჭაც პუტინის დროს შეძლეს, როცა ხაზინაში პუტინის სურათით შედიოდნენ. ოღონდ პუტინის გარეშე, ოღონდ სანქციების გარეშე, ოღონდ ანგარიშების დაყადაღების გარეშე, ოღონდ კომოში და მაიამიში ვილებით, ბავშვებით, რომლებსაც ვიზები ექნებათ - ეს მათ ძალიან უნდათ.

მაგრამ, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. იმედი მაქვს, რომ დიახ, დიდ დრამატულ ფასად, მაგრამ უახლოეს ისტორიულ დროში პუტინის რუსეთი უკან დაგვრჩება. და იმედი მაქვს, რომ ყველა, ვისაც კავშირი ჰქონდა ამ პუტინის რუსეთის ფორმირებასა და გაძლიერებასთან, მინიმუმ მოშორდება, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი სასამართლოს წინაშე წარდგება. ძალიან იმედი მაქვს ამის. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც ჩვენ თვალწინ კვდება,.. ახლა ჩვენ ფართო პლანით ვუყურებთ და არა ახლო პლანით. ახლო პლანია ომი უკრაინაში, „სპეცოპერაცია“, ესა, ისა, ერთი, მეორე, დეფოლტი... მაგრამ თუკი ფართო პლანით შევხედავთ, ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის იმპერიის გაჭიანურებულ კვდომას. აი, ასე კლასიკურად სრულდება ის: ომები პროვინციებში, დაშლა, რაიმე იდეოლოგიის არქონა, იულიუს კეისრის ადგილზე მოდიან უბრალოდ ვიღაც ვიგინდარები, სუსლოვისა და ანდროპოვის ადგილზე პუტინი მოვიდა - აი, კლასიკური სიტუაცია.

საქმე მხოლოდ ისაა, გადარჩება თუ არა რუსული ცივილიზაცია, ამ იმპერიის შემდეგ გადარჩება თუ არა ის. ყველაზე ახლობელი ანალოგია, რომელიც პირველი ამოტივტივდება მეხსიერებაში, ესაა რუსეთი ივანე მრისხანის ლივონიის ომის შემდეგ: სრული გაჩანაგება, ლპობა, სიღატაკე, ყველაფერი მრავალწლიან ომში ჩაიდო, აღარაფერი დარჩა. არის რიტორიკის ნარჩენები, არის ჰალუცინაციებში ჩავარდნილი, შეშლილი მმართველი, სასტიკი და დასავლეთთან წინააღმდეგობაზე შეშლილი, არის სრულიად გაჩანაგებული ქვეყანა, რომელშიც არ არის არაფერი - რუსეთი ლივონიის ომის შემდეგ.

პუტინი და რუსეთი

არიან ადამიანები, ღირებულებების მატარებლები. იმედი მაქვს, რუსეთში არის მაინც რამდენიმე მილიონი ადამიანი ევროპული ღირებულებებით, მცველები, რუსული ცივილიზაციის წარმომადგენლები, დიდი მშვენიერი ძველი რუსული ცივილიზაციისა. მაგრამ არის სახელმწიფო... არის ეს ბიზანტია, ეს ბინძური მესამე რომი, ეს პუტინური სიგიჟე, რომელიც უბრალოდ საფლავში მიათრევს ცივილიზაციას.

არიან ადამიანები და არის სისტემა. გარეთ გამოსვლა - აქ, ცხადია, გერმანული ანალოგიაა, მე არ მითქვამს ეს პირველს - გარეთ გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ მასობრივი ეროვნული მონანიებით, ფორმალური მონანიებით არა. არა, აი, ასეთი გერმანული მაგალითის მიხედვით: უნდა მოხერხდეს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შინაგანი მუშაობა.

ბიოლიც გამოიძებნება, ჰესეც გამოიძებნება, გიუნტერ გრასიც გამოიძებნება. მაგრამ უნდა გამოიძებნოს კიდევ ათობით ათასი ადამიანი, რომელიც იქნება ქვეყნის ახალი ელიტა, რომლებიც შეეცდებიან ახსნან, რომ დაწყება საჭიროა იმ კოშმარის გააზრებით, რაც მოვუტანეთ მსოფლიოს და საკუთარ ხალხს, და მონანიებით. ეს მონანიება თუ არ იქნება, არაფერი არ იქნება.

თავად პუტინის გამარჯვება, პირადად პუტინის, ვინაიდან რუსეთი დამარცხდა, იქნებოდა ის, რომ აღმოჩნდებოდა არა სამხედრო დამნაშავეთა სკამზე, არამედ რუსეთი იქნებოდა მკაცრი ავტარკია რკინის ფარდის მიღმა, უზბეკეთის, თურქმენეთის ან ირანის ტიპის და უკვე პირდაპირ მოედნებზე სახრჩობელებით. სტრუგაცკების მიხედვით ეს შავების მოსვლა იქნებოდა. ამ სტრუქტურაში პუტინი რჩება ხელისუფლებაში და პუტინი სიცოცხლეს აგრძელებს ბოლომდე. მაგრამ რუსეთი არის რაღაც ტერიტორია მსოფლიოს ფარგლებს გარეთ, როგორც თურქმენეთი.

თქვენ გაინტერესებთ, რა ხდება თურქმენეთში? მსოფლიოს აინტერესებს? არა, მაგრამ თურქმენეთი არსებობს. ვიცით, რომ იქ ქვის ხანაა, მაგრამ რას იზამ, ასე მოხდა. მაგრამ ვინაიდან თურქმენეთი არავის ემუქრება, რას ვიზამთ, როგორც დასავლეთი ამბობს ხოლმე, ჩვენ „შეშფოთებას გამოვხატავთ“. ჩვენ მუდამ ყოველდღე გამოვხატავთ შეშფოთებას თურქმენეთში არსებული ვითარების გამო, მაგრამ თან თითქოს საკუთარ თავსვე ვეუბნებით თვალის ჩაკვრით: „რას იზამ, ასე გამოვიდა“. ასე იქნება რუსეთის შემთხვევაშიც. ვინაიდან მას ბირთვული იარაღი აქვს, ცხადია, არავინ არაფერს არ დაიპყრობს, უბრალოდ პერიმეტრზე ჩამოაჭრიან მიწებს და McDonald’s-ის შემდეგ - ჯანდაბას ეს McDonald’s-ი - ხალხი გამოვა, წავა, არ იქნება არავითარი ფული, იქნება ნატურალური მეურნეობა, თურქმენეთი. დღეს ასე გამოიყურება პუტინის გამარჯვება. პუტინის გამარჯვება იმაში მდგომარეობს, რომ ის ბრალდებულის სკამზე არაა და ცოცხალია. დღეს პუტინს არავითარი სხვა გამარჯვება არ მოეპოვება.

პუტინი და ხელისუფლება

ჯერ კიდევ ადრე, 10 წლის წინ, ბოლოტნაიას მოედანზე განადგურდა ხელისუფლების ლეგიტიმურად შეცვლის მექანიზმები, ხელ-ფეხი გადაუმტვრიეს იმათ, ვინც, კაცმა რომ თქვას, ითხოვდა პატიოსან არჩევნებს, ხელისუფლების შეცვლას, შეთანხმებებს, მრგვალ მაგიდას პოლონეთის მაგალითით და ა.შ. ყველაფერი ეს გატეხეს და გაანადგურეს. 2012 წლიდან და მით უმეტეს 2014 წლიდან, და მით უმეტეს 2022 წლის შემდეგ, არავითარი გზა ლეგიტიმურ ველზე გასასვლელად უკვე აღარ არსებობს. უახლოეს ხანებში მოგველის სასახლის გადატრიალების ესა თუ ის ფორმა, ანუ როცა პუტინი აღარ იქნება და ადამიანი, რომელიც პუტინის შემდეგ მოვა, ბუნებრივად მიმართავს დასავლეთს და იტყვის: „მოგვეცით საკვები,.. რამე მოგვეცით, საკვები, ინვესტიციები - ჩვენ გამოვსწორდებით“. და ჩვენ დავიწყებთ ყირიმის, დონბასის მიცემას საკვების სანაცვლოდ, შეიცვლება პოლიტიკა - ეს ერთი ვარიანტია. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ რაიმე სასახლის გადატრიალების შედეგად. არავითარი სხვა მექანიზმი უბრალოდ აღარ დარჩა, ხომ ხედავთ ამ პარლამენტს, ხომ ხედავთ ამ მოსამართლეებს, ხედავთ ამ უზენაეს სასამართლოს და ხედავთ ამ პრესას: სიმონიანს „ეხო მოსკვის“ სიხშირეებზე.

პუტინი და მისი გარემოცვა

საჭიროა მათი რიტორიკისთვის ყურადღების მიქცევა, გაგება, რა სურთ, როგორ ცდილობენ გამოსავლის პოვნას, როგორ სურთ გამოსვლა საკუთარი გამოუვალი ვითარებიდან. დამიჯერეთ, მათი ვითარება გამოუვალია, მათ არ შეუძლიათ ომში უკრაინის დამარცხება, მათ მხოლოდ შეუძლიათ ზარალით უკრაინისა და მსოფლიოს დაშანტაჟება, მაგრამ ისინი ბოროტმოქმედები არიან და ლავროვს შესანიშნავად ესმის, რომ ის სამხედრო დამნაშავეა. შეგახსენებთ, რობესპიერი ჩამოახრჩვეს. ის მონაწილეა, ეს ამ კონსტიტუციის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია.

დღის წესრიგი რომ მარტივად ავხსნათ, მოლაპარაკებების თემა სინამდვილეში არის რაიმე ისეთი დანებების პირობა, რომელიც მათ ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემდა, ვინაიდან, ვიმეორებ, ომის გარეშე და სანქციების პირობებში ისინი ვერ გაძლებენ, ეს ცხადია. ომი არის ერთადერთი საშუალება, რეკეტი არის ერთადერთი დღის წესრიგი. აი, ვნახავთ, რამდენი ძალა აქვს რეკეტიორს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის მოხდება დეფოლტი, როდის გამოილევა რაკეტები „კალიბრი“. ეს არის და ეს - ომი დასრულდება, როცა უბრალოდ ამოიწურება შეიარაღება, სხვა კი აღარ იქნება. ისინი კი შანტაჟს, ბლეფს ეწევიან, მაგრამ მსოფლიო მგონი უკვე მიხვდა, ვისთან აქვს საქმე.

ამ თვალსაზრისით პოლიტიკური პერსპექტივები კარგია, ისინი დამარცხდნენ, საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენი სიცოცხლე უნდა გაიღოს უკრაინამ ამისთვის და რა სახის ნგრევა. მე უფრო სიცოცხლეები მაინტერესებს, ვინაიდან როცა ყველაფერი დასრულდება, ინვესტორები რიგში ჩადგებიან უკრაინის აღსადგენად. და უკრაინის როგორც სახელმწიფოს საქმე კარგად იქნება, ამის თქმა სრულიად დანამდვილებით შეიძლება. საკითხავია მხოლოდ, რა ფასად.

XS
SM
MD
LG