Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაკეტები ესროლეს აშშ-ის საკონსულოს ჩრდილოეთ ერაყში, პირველადი ცნობებით მსხვერპლი არ არის


ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ირბილში 13 მარტს აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით ისროლეს სულ მცირე ექვსი რაკეტა, რომელთა ნაწილიც შენობას მოხვდა - აცხადებენ ერაყის და აშშ-ის უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, რაკეტები მეზობელი ირანის ტერიტორიიდან იყო ნასროლი.

პირველადი ცნობებით მსხვერპლი არ არის.

თავდასხმას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ ისრაელის იერიში დამასკთან, სირიაში, რასაც ირანის რევოლუციის გუშაგთა ორი წევრი ემსხვერპლა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს თავდასხმა დაგმო და შურისძიების დაპირებით გამოვიდა.

კვირას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ ერაყის მედიაზე დაყრდნობით ცნობა გაავრცელა ირბილის თავდასხმებზე, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა ადგილიდან განხორციელდა იერიში.

ერაყის უსაფრთხოების უწყებების განცხადებით, ირბილს "რამდენიმე რაკეტა" ესროლეს კვირას, გამთენიისას, გამოძიება მიმდინარეობს და მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

თავდასხმის ფონია პაუზის გამოცხადება ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომლის მიზანია ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენა. გასულ კვირაში რუსეთმა მოითხოვა გარანტიები, რომ მისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არ შეუშლის ხელს ირანსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ და სამხედრო კავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG