Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: აპრილიდან ექიმი წამლის გამოწერისას კონკრეტულ ბრენდს ვეღარ მიუთითებს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ აპრილიდან ექიმები ვეღარ შეძლებენ წამლის გამოწერის დროს კონკრეტული ბრენდის მითითებას. მინისტრის თქმით, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი ქვეყნის წარმოებული მედიკამენტი იყიდოს. აზარაშვილის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი", - ამბობს მინისტრი.

მანვე აღნიშნა, რომ მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, 1 მარტიდან ამოქმედდა ელექტრონული რეცეპტების შევსების სავალდებულო წესი, რაც უწყებას ეხმარება მონაცემების მოგროვებაში.

"ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა", - თქვა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთიდან წამლების საქართველოში შემოტანაზე და ფასების დაწევაზე 2022 წლის 17 იანვარს ისაუბრა. 7 მარტს კი თქვა, რომ ქვეყანაში უკვე არის მედიკამენტები, რომლებიც ანალოგებთან შედარებით 60-80 პროცენტით იაფი ღირს.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 10 იანვარს გამოაქვეყნა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც განხილულია მედიკამენტებზე ფასნამატის, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგებებისა და ფარმაცევტული ბიზნესის დარეგულირების საკითხები. კონკურენციის სააგენტოს დათვლით, შესაბამისი რეგულირების და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში, მედიკამენტებზე წლიური დანაზოგი შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე.

ამ საკითხზე საგამოძიებო მასალა მოამზადა "თავისუფლების მონიტორმაც".

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG