13 მარტს მუშაობას შეუდგა სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი - ეკონომისტი და ვეტერანი პოლიტიკოსი, რომელიც გამოვიდა პირობით, რომ მთელ ძალისხმევას მოახმარს ეროვნული ერთობის გაძლიერებას.
ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ.
საინაუგურაციო გამოსვლაში ხაჩატრიანმა თქვა, რომ პრეზიდენტად მუშაობას იწყებს მწვავე პერიოდში, "გართულებული რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევების" ფონზე.
"მომსწრენი ვართ სწრაფად ცვლადი გეოპოლიტიკური განვითარებებისა, რომელთა შედეგადაც ტრანსფორმირდება ამჟამინდელი გლობალური უსაფრთხოების სისტემები. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვესაჭიროება სიბრძნე, თავდაჯერება, სტაბილურობა და ერთიანობა", - თქვა ახალმა პრეზიდენტმა.
62 წლის ხაჩატრიანი პროფესიით ეკონომისტია, 1992-1996 წლებში, ლევონ ტერ-პეტროსიანის პრეზიდენტობის პერიოდში, ის ერევნის მერი იყო. ხაჩატრიანი ტერ-პეტროსიანის მოკავშირედ რჩებოდა, სანამ გასული წლის აგვისტოში დათანხმდებოდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წევრობას.
სომხეთის კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, რომელშიც პრეზიდენტს დიდწილად სიმბოლური ძალაუფლება აქვს, თუმცა ის მაინც სახელმწიფოს მეთაურად ითვლება.
ხაჩატრიანი პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა ფაშინიანის სამოქალაქო შეთანხმების პარტიამ მას მერე, რაც იანვარში მოულოდნელად გადადგა პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, პრეზიდენტად 2018 წლიდან მუშაობის შემდეგ.
სამოქალაქო შეთანხმების საპარლამენტო ფრაქციამ შემდეგ ხაჩატრიანი პრეზიდენტად აირჩია, ორ რაუნდად ჩატარებულ კენჭისყრაზე, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ირჩევენ ერთი, შვიდწლიანი ვადით.
სარქისიანი პოსტიდან მოულოდნელად გადადგა 23 იანვარს და ამის მიზეზად დაასახელა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შეუძლებლობა ეროვნული კრიზისის პერიოდში.
სარქისიანი ფაშინიანს რამდენიმე საკითხის გამო აკრიტიკებდა, განსაკუთრებით 2020 წლის ექვსკვირიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანთან, მთიანი ყარაბაღის გარშემო, რომელიც დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით.
სომხეთის ძალებმა დაკარგეს კონტროლი მთიანი ყარაბაღის და მიმდებარე ოლქების დიდ ნაწილზე, აზერბაიჯანმა კი დაიბრუნა ტერიტორია, რომელიც დაკარგა ადრეული 1990-იანი წლების სეპარატისტული კონფლიქტის შედეგად.