ავტორი: ლუკა კერესელიძე
კიევის პრაიდმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ფოტოები სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან ჯარისკაცის ფორმებში. ეს არაა მათი ერთადერთი პოსტი ომის პერიოდში და თუ ჩასქროლავთ მათ გვერდს ნახავთ, რომ საკმაოდ მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩევიან.
რამდენიმე დღის წინ კი ვაფშე დომენიკ მანგო წავიდა უკრაინაში საომრად. დომენიკ მანგო, რომელიც წლები ითვლებოდა “პიდარასტ” და “ქალაჩუნა” არსებად, აღარაფერს ვიტყვი სხვა ვინ წავიდა და ვინ არ წავიდა.
დამოუკიდებლობის ბოლო მოპოვების შემდგომ 30 წელზე მეტია ჩვენში ვერ დამკვიდრდა ნაციონალური იდეა, რომელსაც ყველა გაიზიარებდა ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. სხვა და სხვა პოლიტიკურმა პარტიამ, ელიტამ თუ პრეზიდენტმა სხვა და სხვა დოზით მოახდინეს გაუფერულება პატრიოტიზმის და/ან სამშობლოს ცნების. ის, რომ დღეს სიტყვა “პატრიოტზე” კორკოტა წარმოგვიდგება თვალწინ ეს არაა ჩვენი ბრალი (მხოლოდ), ესაა შედეგი იმ არეულ-დარეული პოლიტიკური აზროვნებისა რასაც წლებია ვუყურებთ.
უკრაინამ ბოლო კვირებში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაგვანახა იყო ეს, როცა გეიც, ფლეიბოის ვარსკვლავიც, რიგითი ჯარისკაციც და ემიგრანტიც გააერთიანდა და საერთო იდეიდან გამომდინარე მოიქოქა ისეთ დონეზე, რომ ომის დაწყებიდან 2 კვირაზე მეტ ხანში ვერცერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ვერ აიღეს რუსმა ჯარისკაცებმა და ამით გაღიზიანებულები ჰოსპიტლებს და კორპუსებს ბომბავენ ან ტყვედ ბარდებიან უკრაინელებს.
ძალიან ვიღლები იმის მტკიცებით რომ დროა ახალი ნაციონალური ნარატივი შევქმნათ ახალმა თუ ნაწილობრივ ძველმა თაობამ ან ილია ჭავჭავაძეს თუ გავიხსენებთ უბრალოდ დავიბრუნოთ ჩვენში არსებული იდეა ქართველობის და პატრიოტობის.
ილია ამბობდა:
“სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა. რა ჩვენი საქმეა-ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო“.
ილია ჭავჭავაძე რომ ალბათ ყველაზე წაუკითხველად ციტირებადი მოაზროვნეა საქართველოში მგონი წყალი არ გაუვა. მგონი დრო მოვიდა ილია ხელთავიდან ავიღოთ, გადავავლოთ თვალი და უბრალოდ გავიაზროთ, რომ ქართველი არ ნიშნავს სისხლით ქართველ, მართლმადიდებელ, ჰეტეროსექსუალ ადამიანს, რომელიც მხოლოდ წარსულით ამაყობს, რომ ქართველობა ბევრად უფრო ფართო ცნებაა და რომ მუსლიმი ქართველიც ისევე არსებობს, როგორც გეი ქართველი, მოვიდა დრო ახალი ნაციონალური ნარატივის დაბადების, სადაც ყველა ვინც ალტ ინფოს მომხრე არაა და აზროვნება არ უჭირს იქნება ერთად, იკამათებს, ნერვებს მოუშლის ერთმანეთს, მაგრამ რუსი ოკუპანტების ან სხვა და სხვა საქვეყნო გამოწვევების წინაშე ყველა ერთად დაირაზმება და გვერდი-გვერდ დადგება.
დაწერეთ კომენტარი