Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების ცნობით, გარდაიცვალა მარიუპოლში დაჭრილი ორსული


მარიუპოლის დაბომბილი საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაჰყავთ დაჭრილი ორსული. 2022 წლის 9 მარტი.
მარიუპოლის დაბომბილი საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაჰყავთ დაჭრილი ორსული. 2022 წლის 9 მარტი.

რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკზე წერს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ასია დოლინა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალის და მისი მუცლადმყოფი შვილის გარდაცვალებას ადასტურებს ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა. მან 9 მარტს სააგენტო AP-ისთვის გადაიღო ფოტო, რომელიც ასახავს დაჭრილი ორსულის საკაცით გაყვანას დაბომბილი საავადმყოფოს ტერიტორიიდან.

რუსმა სამხედროებმა 9 მარტს დაბომბეს ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიარო სახლის შენობა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი და 17 დაიჭრა.

10 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ მარიუპოლის სამშობიარო სახლი იყო უკრაინის "ულტრარადიკალური ბატალიონის, აზოვის ბაზა".

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა რაოდენობა 4.5 მილიონს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG