საწვავის ფასის მატებასთან ერთად, საქალაქთაშორისო მგზავრობაც გაძვირდა. 14 მარტიდან თბილისი-ახალციხის სამარშრუტო ტაქსის ბილეთის ფასი 12 ლარის ნაცვლად, 15 ლარი გახდა.
,,დღითი დღე უკან მიდის საქმე, მაგრამ ფასი რომ უნდა მოემატოს, მაგაზე ორი აზრი არ არის. ფიზიკურად ვეღარ აუდის მძღოლი მანქანის შენახვას. ეს კი, პირველ რიგში, მგზავრის უსაფრთხოებაზე აისახება. (საწვავი) ოთხი ლარი გახდა თითქმის, შარშან ამ დროს თუ 70 ლარის ჰყოფნიდა, ახლა უკვე 140 და 150 ლარის ჭირდება“, - ამბობს თბილისი-ახალციხის მძღოლი გიორგი ნათენაძე.
,,ჩვენი საწვავი ღირს 3.9 ლარი რომპეტროლში. ხარჯებს ვეღარ ვუმკლავდებით. არ ვიცი რა იქნება, გავჩერდებით, ალბათ. მგზავრიც აღარ არის“, - ამბობს ახალციხე-ასპინძა-ხიზაბავრის მძღოლი კახა ლეკიშვილი.
მგზავრობა გაძვირდა ქუთაისის მიმართულებითაც. დღეიდან იმერეთში წასვლის მსურველებს 15 ლარის ნაცვლად, 17 ლარის გადახდა მოუწევთ.
,,საწვავზეა დამოკიდებული, 4 ლარი გახდა დიზელი. მგზავრების რაოდენობა ჯერჯერობით იგივეა, მაგრამ აუცილებლად მოაკლდება. თუ არ გაძვირდება მგზავრობა, მაშინ გაჩერდება ავტობუსი“, - ამბობს ახალციხე-ქუთაისის მძღოლი გოჩა ღონღაძე.
მგზავრობის გაძვირება ბოლო კვირაში საწვავის ფასის თითქმის 40 თეთრით გაზრდამ განაპირობა. სწორედ ამიტომ, მგზავრობის ფასის გაძვირება მოქალაქეებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რადგან მგზავრთა ნაკადი, ბოლო პერიოდში ისედაც შემცირებული იყო - მიაჩნიათ მძღოლებს.
,,ზაპრავკებზე“ რა ფასებია, ყველა ხედავს. ვინ რა უნდა თქვას. ხომ ხედავთ, მაღაზიებში რა ხდება. სიგარეტი 10 ,,მანეთი“ გახდა. მგზავრებს რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ, მშიერია ხალხი. 10 ლარად დავდიოდით, მერე საწვავის ფასმა გაძვირება რომ დაიწყო, 12 ლარი გახდა. ახლა 15-ზე ავწიეთ“, - ამბობს ახალციხის ერთ-ერთი სადგურის დისპეტჩერი რამაზ ნოზაძე.
,,ცუდი ამბავი ხდება, ყველაფერი გაგვიძვირდა საწვავიდან დაწყებული, შაქრით დამთავრებული. გაჭირვებულ მდგომარეობაშია ყველა. რაც ხდება, ყველასთვის ცუდია“, - ამბობს მგზავრი გიორგი ჩიხლაძე.
მგზავრობის გაძვირებას ადასტურებენ შპს "ჯეოტივში". კომპანიის ხელმძღვანელის, ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, მგზავრობა ყველა ქალაქის მიმართულებით გაძვირდა. ავტოსადგურებში ამბობენ, რომ მომავალში ფასის ცვლილება საწვავის ღირებულებაზეა დამოკიდებული. ნუგზარ მამუკაშვილი მგზავრთა გადაყვანის სფეროში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში, 80-მდე თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩება.