Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის სააკაშვილს გადასცეს მისი გამოკვლევის შედეგები


რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება
რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება

განცხადებით გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფი აქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარილს.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“. განცხადების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა.

პენიტენციური სამსახური მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მისი ინტერესების დამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ.

განცხადებაში ვკითხუკლობთ, რომ „ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს". ის განმარტავს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია მისთვის 13 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ. სააკაშვილის თქმით, კვლევების შედეგად დასმული დიაგნოზის შესახებ წერს იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრომ დიაგნოზი არ გაასაიდუმლოოს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ორ საქმეზე მისჯილი ბრალით, 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მან შიმშილობა იმავე დღეს გამოაცხადა, 50-ე დღეს კი, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გავლის პირობით, უარი თქვა პროტესტის ამ ფორმაზე. გასული წლის დეკემბრის ბოლოს ის ისევ დააბრუნეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ადვოკატების ინფორმაციით, პირად მკურნალ ექიმს მისი მონახულების საშუალება არ ეძლეოდა.

იმის გამო, რომ სააკაშვილი უკმაყოფილო იყო პენიტენციური სამსახურისგან შეთავაზებული სერვისებით, 21 თებერვალს, "ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის" მოთხოვნით, უვადო შიმშილობა კიდევ ერთხელ გამოაცხადა. პროტესტი მან 10 მარტს შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო კვლევების ჩატარების მოთხოვნით სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემას 11 მარტს მიმართა.

XS
SM
MD
LG