უკრაინაში დაშავდა ამერიკული ტელეარხის, Fox news-ის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
„დღეს, ადრე, ჩვენი კორესპონდენტი ბენჯამინ ჰოლი დაშავდა ახალ ამბებზე მუშაობისას კიევის გარეთ, უკრაინაში", - თქვა Fox news-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა სიუზან სკოტმა. როგორც ის აღნიშნავს, ტელეარხის გუნდი მუშაობს დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ჰოლი რეპორტაჟებს ამზადებდა ომის შესახებ კიევიდან, რომლის დაკავებასაც რუსეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობენ. ბენჯამინ ჰოლს ჰყავს სამი ქალიშვილი.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, უცხოელი ჟურნალისტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი განცხადებით, ეს არის „რუსკი მირ"-ის დიაგნოზი.
გენპროკურორი ყურადღებას ამახვილებს ომის იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინის პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხოთ. ვენედიქტოვა ლაპარაკობს უკრაინის „ცის დახურვის" აუცილებლობაზე.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს - თქვენი ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე და ასრულებდა სარედაქციო დავალებას... ეს კაცი არ იმყოფებოდა სამხედრო ობიექტზე, რომელსაც, რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, მუდმივად უმიზნებენ. მძიმედ დაიჭრა სამხედრო დაწესებულებაში არყოფნისას. რა თქმა უნდა, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეყვანილია წინასასამართლო გამოძიების ერთიან რეესტრში და ეს საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული", - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.
13 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენში დაიღუპა ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრენტ რენო რუსეთის სამხედროების თავდასხმას ემსხვერპლა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.
რუსი სამხედროები უმოწყალოდ ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა თუ სამშობიარო სახლებს.