რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო წინასაგამოძიებო მოკვლევა რუსეთის პირველი არხის რედაქტორის, მარინა ოვსიანნიკოვას საქმეზე.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „ტასს“-ი, რომელიც ეყრდნობა წყაროს სამართალდამცავი ორგანოებიდან:
„მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოკვლევა ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ“.
წყაროს ცნობით, მარინა ოვსიანნიკოვას წინააღმდეგ არ არის აღძრული ადმინისტრაციული საქმე, თუმცა მასალები გადაეცა საგამოძიებო კომიტეტს.
ამ დროისათვის მარინა ოვსიანნიკოვას ადგილსამყოფელი უცნობია. „ტასს"-ის წყაროს ინფორმაციით, ის დაკავებულია.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ რედაქტორი გადაიყვანეს პოლიციის „ოსტანკინო“-ს განყოფილებაში. თუმცა, გამოცემა ОВД-Инфо-ს წყაროს თანახმად, მარინა ოვსიანნიკოვა ამ განყოფილებაში არ იმყოფება.
მარინა ოვსიანნიკოვას ადგილსამყოფელს ამ დრომდე ვერ მიაგნეს მისმა ადვოკატებმა. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, რედაქტორთან დაკავშირებას ადვოკატები უკვე 12 საათზე მეტია ვერ ახერხებენ.
14 მარტს, ღამით, როცა რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადიოდა პროპაგანდისტული საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ და წამყვანი ეკატერინა ანდრეევა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე ლაპარაკობდა, მარინა ოვსიანნიკოვა სტუდიაში პლაკატით შევიდა. პლაკატზე ეწერა: „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“. ოვსიანნიკოვამ პირდაპირ ეთერში წარმოთქვა მოწოდებაც: "შეაჩერეთ ომი! არა ომს!"
„ვრემიას“ პირდაპირ ეთერში პლაკატით შესვლამდე, მან ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა აწევს მხოლოდ ერთ ადამიანს, ვლადიმირ პუტინს:
„მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი – რუსი. ისინი არასოდეს ყოფილან მტრები. ჩემი ყელსაბამიც სიმბოლოა იმისა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმათამკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ხალხები ჯერ კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლები პირველ არხზე ვმუშაობდი და კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული. ახლა ამის გამო ძალიან მრცხვენია. მრცხვენია, რადგან ნებას ვიძლეოდი, რომ ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილი ელაპარაკათ; მრცხვენია, რადგან ნებას ვრთავდი, რუსი ადამიანების ზომბირება მოეხდინათ. ჩვენ ჩუმად ვიყავით 2014-შიც, როცა ეს ყველაფერი იწყებოდა. ჩვენ არ გამოვედით მიტინგებზე, როცა კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ უბრალოდ ჩუმად შევყურებდით ამ ანტიადამიანურ რეჟიმს. ახლა მთელმა მსოფლიომ გვაქცია ზურგი და ჩვენი შთამომავლების ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ძმათამკვლელი ომის სირცხვილს. მხოლოდ ჩვენ, გონიერ რუს ადამიანებს, შეგვწევს ძალა, შევაჩეროთ მთელი ეს სიგიჟე. გადით მიტინგებზე, არაფერი მოხდება, ყველას ვერ დაგვიჭერენ”.
მარიანა ოვსიანნიკოვა ოდესაში 1978 წელსაა დაბადებული.