Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, კიევში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები ჩავლენ


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი კიევში, მემორიალთან. 2022 წლის 1 თებერვალი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი კიევში, მემორიალთან. 2022 წლის 1 თებერვალი.

15 მარტს უკრაინას პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, მატეუშ მორავიეცკი, პეტრ ფიალა და იანეზ იანშა, ეწვევიან. გარდა ამისა, უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკიც ჩავა.

"დღეს, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მე-20 დღეს, ჩვენ კიევში მივდივართ, რათა უკრაინელებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ. მსოფლიოსთვის ასეთ კრიტიკულ დროში, ჩვენი ვალია, ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იწერება. იმიტომ რომ ეს გვეხება არა ჩვენ, არამედ ჩვენი შვილების მომავალს, რომლებიც იმსახურებენ ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში ცხოვრებას", - წერს მორავიეცკი ფეისბუკში.

მისივე თქმით, ვიზიტი ევროკავშირთან შეთანხმებით ხორციელდება, როგორც ამას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და გაერო იუწყებიან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა ამ ქვეყნის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის დროს: "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგება."

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვის პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში გაემგზავრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარები საქართველოს დედაქალაქზე შეტევასაც გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG