Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დახოცილი რუსი სამხედროების ცხედრები ბელარუსის ქალაქებში, გომელსა და მოზირში, ჩააქვთ


სამხედრო-სამედიცინო მანქანა ქალაქ გომელის საავადმყოფოსთან.
სამხედრო-სამედიცინო მანქანა ქალაქ გომელის საავადმყოფოსთან.

ომის პირველი დღიდან ბელარუსის ქალაქებში გომელში, მოზირსა და ნაროვლში მდებარე საავადმყოფოები დაჭრილი, ხოლო მორგები - დახოცილი რუსი სამხედროების გვამებს იღებენ.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურისთვის გახდა ცნობილი, ბელარუსმა ექიმებმა ხელი მოაწერეს გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ზოგიერთ ექიმს სამსახურიდან გათავისუფლებითაც დაემუქრნენ.

3 მარტს წყაროები იტყობინებოდნენ, რომ მოზირსა და გომელში საავადმყოფოების მორგები გადავსებული იყო უკრაინაში დახოცილი რუსი სამხედროების გვამებით. მოზირში გასულ კვირაში ცხედრები სასწრაფოდ დატვირთეს რუსეთისკენ მიმავალ მატარებლებში.

"არარეალურად ბევრი გვამი იყო! ადამიანები, რომლებიც მოზირის სადგურზე იმყოფებოდნენ, უბრალოდ შოკში იყვნენ მატარებელში დატვირთული გვამების რაოდენობით. ხალხმა ვიდეოების გადაღება დაიწყო, მაგრამ სამხედროები მათ მიცვივდნენ და უბრძანეს, შეეწყვიტათ გადაღება. ხოლო მოზირთან ახლომდებარე სოფელ კამენკაში სასაფლაოს ალყა შემოარტყეს და შიგნით არავის უშვებდნენ. შესაძლოა იმიტომ, რომ იქ რუსი სამხედროების დამარხვა დაიწყეს. მით უფრო, რომ კამენკა-ბოკოვას მახლობლად არის აეროდრომი და რუსების დიდი ბანაკი", - უამბო ბელარუსულ სამსახურს მოზირის მკვიდრმა.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ მოზირის საავადმყოფო კვლავ სავსეა დაჭრილებით და აბსოლუტურად ყველა ექიმი, თუნდაც ვიწრო სპეციალობის, დაჭრილ რუსებზე მუშაობს. იმავდროულად, ადგილობრივ მოსახლეობას საავადმყოფოში რენტგენის გაკეთება არ შეუძლია და ისინი იძულებული არიან ასეთი მომსახურებისთვის ბავშვთა საავადმყოფოს მიაშურონ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს 15 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. მაგრამ რუსეთმა ოფიციალურად დღემდე მხოლოდ დაახლოებით 500 სამხედრო პირის დაკარგვა აღიარა.

XS
SM
MD
LG