Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის ახალ სანქციებში მოხვდნენ მიშუსტინი, მედვედევი და სოლოვიოვი


მარცხნიდან: რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2020 წ. 23 თებერვალი.
მარცხნიდან: რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2020 წ. 23 თებერვალი.

დიდმა ბრიტანეთმა სამშაბათს გააფართოვა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია და მასში შეიყვანა 350-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი.

სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მგზავრობის აკრძალვას, შედიან მსხვილი ბიზნესმენები და ჩინოვნიკები, ასევე კრემლის კონტროლქვეშ მყოფი მედიის ხელმძღვანელები და მათი ცნობილი თანამშრომლები.

კერძოდ, სანქციების ახალ სიაში არიან რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ ბიზნესმენები - მიხაილ ფრიდმანი, პიოტრ ავენი, გერმან ხანი, დმიტრი პუმპიანსკი, სახელმწიფო დუმის რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის ირინა როდნინა, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, კრემლის ადმინისტრაციის უფროსი ანტონ ვაინო, მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკები, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა, RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და მისი მეუღლე ტიგრან კეოსაიანი, კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, ტელეწამყვანები ოლგა სკაბეევა და ვლადიმირ სოლოვიოვი, ჟურნალისტი ანტონ კრასოვსკი, მწერალი ზახარ პრილეპინი. მიიჩნევა, რომ ყველა მათგანი ამა თუ იმ სახით არის პასუხისმგებელი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის ანდა კავშირი აქვს მასთან. მანამდე ამ პირების უდიდეს ნაწილს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.

სანქციები უკვე ვრცელდება რუსეთის უშიშროების საბჭოს ყველა წევრზე, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. საბჭომ ფორმალურად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ჯარების შეყვანაზე. შემოღებულია ასევე სექტორული ეკონომიკური სანქციები. დასავლეთის ქვეყნები მათ კოორდინირებულად აწესებენ, თუმცა ზომები ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, აშშ-მა და ბრიტანეთმა უარი თქვეს რუსეთის ნავთობის იმპორტზე, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გაუკეთებია ეს.

XS
SM
MD
LG