Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია ვარკეთილის მეტროს რემონტის ტენდერს გაორმაგებული ფასით - 13,7 მლნ ლარად აცხადებს


თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციისა და რემონტის ტენდერს ხელახლა აცხადებს. კომპანიამ პირველი ტენდერის ჩაშლის შემდეგ თანხა თითქმის გააორმაგა.

თუკი 18 იანვარს გამოცხადებული ტენდერით მერიის კომპანია გამარჯვებულს მეტროსადგურის შესაკეთებლად 7,1 მლნ ლარს სთავაზობდა, ახლა ეს თანხა თითქმის გაორმაგებულია და 13,7 მლნ ლარია. რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ ფასის გაზრდის მიუხედავად, სატენდერო მოთხოვნები არ გაფართოებულა.

"ახალი ბაზრის კვლევის შედეგად წარმოდგენილი იყო ეს ფასი და ამ თანხით გამოცხადდა ეს ტენდერი", - ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.

ახალი სატენდერო წინადადებით კვლავ არ არის გათვალისწინებული მეტროს სრული ადაპტირება შშმ პირებისთვის და სადგურამდე მისასვლელი მიწისქვეშა გადასასვლელების მოწყობა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება:

  • მეტროს ინტერიერის იატაკი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით - იცვლება კერამიკული ფილებით;
  • კედლებზე გაკრული ქვის საფარი კერამიკული ფილებით შეიცვლება, ზოგან კი შეიღებება;
  • ჭერზე აზბოცემენტის ფილები შეიცვლება ცეცხლგამძლე ცემენტის ფილებით;
  • ინტერიერში განახლდება და შეიცვლება განათებები;
  • კედლებზე განთავსდება საათი, ქვედა დარბაზში დაიდგმება ნახევარწრის ფორმის სკამები; ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ შეიცვლება;
  • განახლდება ე.წ. საევაკუაციო კიბე, რომელიც ბაქანს გარე სივრცესთან აკავშირებს.

ჯერ არ არის ცნობილი, რეაბილიტაციის პროცესში შეაჩერებს თუ არა მეტროსადგური მუშაობას. გამარჯვებულ კომპანიას ზუსტად ერთი წელი ექნება მეტროს გასარემონტებლად.

მეტროსადგურ "ვარკეთილის" ბაქანზე ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა. იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო და დასრულდა დავით ნარმანიას მერობის დროს. ჭერის ჩამონგრევამდე წლითა და ოთხი თვით ადრე, მაშინდელი მერი ამბობდა, რომ "მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა".

სადგური კომპანია შპს "ყვარელრემმშენმა" გაარემონტა და ამისთვის 350 ათასი ლარი მიიღო. მეტროს ჭერის ჩამონგრევიდან ხუთ თვეში, კომპანიის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს.

XS
SM
MD
LG