Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა მეამბოხე რუსი რედაქტორი


ოსტანკინოს რაიონულმა სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა.

მარინა ოვსიანნიკოვას ჯარიმა დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ კი, საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიების შეუთანხმებლად ორგანიზების მუხლით.

სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა ჟურნალისტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ 14 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე:

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მხარდაჭერისათვის ყველას, კოლეგებს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში რთული დღეები, რადგან ორი დღე-ღამე არ მძინებია. 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა და არ მომცეს არც ოჯახის წევრებთან და არც ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა. არ მქონდა იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა და ამიტომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ყველა დანარჩენი კომენტარი იქნება ხვალ. დღეს უბრალოდ დასვენება მჭირდება“.

14 მარტს, ღამით, როცა რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადიოდა პროპაგანდისტული საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ და წამყვანი ეკატერინა ანდრეევა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე ლაპარაკობდა, მარინა ოვსიანნიკოვა სტუდიაში პლაკატით შევიდა. პლაკატზე ეწერა: „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“. ოვსიანნიკოვამ პირდაპირ ეთერში წარმოთქვა მოწოდებაც: "შეაჩერეთ ომი! არა ომს!"

„ვრემიას“ პირდაპირ ეთერში პლაკატით შესვლამდე, მან ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა აწევს მხოლოდ ერთ ადამიანს, ვლადიმირ პუტინს:

„მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი – რუსი. ისინი არასოდეს ყოფილან მტრები. ჩემი ყელსაბამიც სიმბოლოა იმისა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმათამკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ხალხები ჯერ კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლები პირველ არხზე ვმუშაობდი და კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული. ახლა ამის გამო ძალიან მრცხვენია. მრცხვენია, რადგან ნებას ვიძლეოდი, რომ ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილი ელაპარაკათ; მრცხვენია, რადგან ნებას ვრთავდი, რუსი ადამიანების ზომბირება მოეხდინათ. ჩვენ ჩუმად ვიყავით 2014-შიც, როცა ეს ყველაფერი იწყებოდა. ჩვენ არ გამოვედით მიტინგებზე, როცა კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ უბრალოდ ჩუმად შევყურებდით ამ ანტიადამიანურ რეჟიმს. ახლა მთელმა მსოფლიომ გვაქცია ზურგი და ჩვენი შთამომავლების ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ძმათამკვლელი ომის სირცხვილს. მხოლოდ ჩვენ, გონიერ რუს ადამიანებს, შეგვწევს ძალა, შევაჩეროთ მთელი ეს სიგიჟე. გადით მიტინგებზე, არაფერი მოხდება, ყველას ვერ დაგვიჭერენ”.

XS
SM
MD
LG