Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაჩინსკი საჭიროდ მიიჩნევს უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის გაგზავნას


პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საჭიროა ნატოს ან უფრო ფართო საერთაშორისო კოალიციის მშვიდობისმყოფელთა მისია, რომელიც საკუთარი თავის დაცვასაც შეძლებს. ამის შესახებ, როგორც პოლონური გამოცემა Onet.pl იუწყება, კაჩინსკიმ გვიან ღამით განაცხადა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან მისი და პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

სამი ქვეყნის მთავრობათა მეთაურები უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში 15 მარტს ჩავიდნენ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში ევროპელი ლიდერების ჩასვლას უწოდა ვაჟკაცური და მეგობრული ნაბიჯი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ, როცა მისი ქვეყანა რუსეთის შეჭრის გამო დატოვა ბევრმა დიპლომატმა, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები არაფერს შეუშინდნენ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG