უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, „აგრესორი სახელმწიფოს ქმედებების პროპაგანდისკენ მიმართული საინფორმაციო პროდუქციის დამზადება-გავრცელების აკრძალვის შესახებ“.
ახალი კანონი და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო ცვლილებები მედიასაშუალებებს უკრძალავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის და დროებითი ოკუპაციის უარყოფას და გამართლებას და მის წარმოჩენას შიდა ან სამოქალაქო კონფლიქტად.
კანონი ითვალისწინებს გაუქმებას იმ პარტიების და რელიგიური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რომელთა საქმიანობა მიმართულია უკრაინის დამოუკიდებლობის გაუქმების, კონსტიტუციური წყობის შეცვლის, ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტის დარღვევისა და ომის პროპაგანდისკენ. ასევე, აგრესორი რუსეთის ქმედებების გამართლებისკენ.
უკრაინის პარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კანონპროექტი 18 თებერვალს დარეგისტრირდა, 3 მარტს დამტკიცდა, 4 მარტს პრეზიდენტს გაეგზავნა, ზელენსკიმ კი დოკუმენტს ხელი 14 მარტს მოაწერა.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ყირიმის ანექსია მოახდინა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა კი დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ნაწილი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადეს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო საომარი მოქმედებები, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.