Accessibility links

site logo site logo

უკრაინის არმიის სარდალი: კიევი გაუძლებს!


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს.

მთავარსარდლის ინფორმაციით, დედაქალაქის დასაცავად ძირითადი დატვირთვა მოდის სახმელეთო ძალებზე და მათთან ერთად კიევს იცავენ სადესანტო-მოიერიშე, სპეციალური დანიშნულების და ტერიტორიული თავდაცვის ძალები და სხვა სამხედრო ფორმირებები. როგორც ზალუჟნი წერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, დედაქალაქის დაცვას მასობრივად უერთდებიან ქალაქის მცხოვრებნი.

15 მარტის 20:00 საათიდან 17 მარტის 07:00 საათამდე კიევში გამოცხადებულია უწყვეტი "კომენდანტის საათი".

15 მარტს, დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ კიევისთვის რთული და საშიში მომენტია.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG