Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ზურაბიშვილს მოუწოდებს, კიევში ჩავიდეს: მზად ვარ, ჩასვლის ლოჯისტიკა მოვაგვარო


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს მოუწოდებს, უკრაინაში, სადაც ახლა რუსეთი საომარ მოქმედებებს ატარებს, სხვა ქვეყნის ლიდერების მსგავსად ჩავიდეს. მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს "ფეისბუკიდან" მიმართავს:

"მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა", - წერს სააკაშვილი.

20 დღეზე მეტია რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ საცხოვრებელ კორპუსებს, საჯარო დაწესებულებებს და სამშობიარო სახლებსაც კი. ქვეყნის მხარდასაჭერად 15 მარტს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები.

რუსეთის შესაჩერებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა აწესებს სანქციებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება. 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მიმდინარე წლის 26 თებერვალს, წერილობითი უარი მიიღო მთავრობისგან პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. თუმცა, საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა და ასე გაემგზავრა საზღვარგარეთ.

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია და განაცხადა, რომ იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG