Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი პუტინს "ომის დამნაშავეს" უწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პირველად უწოდა "ომის დამნაშავე" უკრაინაში შეჭრის გამო.

"ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა", - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს 16 მარტს.

აშშ-ის ადმინისტრაცია ამ დრომდე თავს არიდებდა ამ ფრაზის გამოყენებას, მაშინაც კი, თუკი კითხვას პირდაპირ უსვამდნენ. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ თქვა, რომ ბაიდენის სიტყვები "გულიდან იყო წამოსული", მას შემდეგ, რაც ტელევიზიით იხილა "სასტიკი დიქტატორის ბარბაროსული ქმედებები, უცხო ქვეყანაში შეჭრისას".

რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღებას, მიუხედავად მედიით აღრიცხული უხვი მტკიცებულებისა, რომელიც საპირისპიროს აჩვენებს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბაიდენის განცხადებას უწოდა "მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკა" - იუწყება სააგენტო Tass-ი.

პუტინმა სამი კვირის წინ გასცა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანება, რასაც თავად უწოდებს "სპეცოპერაციას", უკრაინის "დემილიტარიზაციის", "დენაციფიკაციის" და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მიზნით.

გასული წლის მარტში ბაიდენმა თქვა, რომ, მისი აზრით, პუტინი "მკვლელია", რასაც მოჰყვა დიპლომატიური სკანდალი, რუსეთმა ვაშინგტონიდან თავისი ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG