Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს უკრაინაში დაღუპული რუსეთის არმიის ჯარისკაცი


ცხინვალში 17 მარტს დაასაფლავეს წარმოშობით ცხინვალელი ანდრეი ბაკაევი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა.

სერჟანტი ანდრეი ბაკაევი მსახურობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფში. ანდრეი 35 წლის იყო, მას ორი შვილი ჰყავდა. დაჯილდოებულია რუსეთის მამაცობის ორდენით (გარდაცვალების შემდგომ). დაკრძალვას დაესწრო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელმაც ბაკაევის დასაფლავება პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენა. მან სამგლოვიარო მიტინგზე განაცხადა:

„ანდრეი იმ ბიჭების თაობას მიეკუთვნება, ვისაც მშვიდი ცხოვრება არ უნახავს. მან უყოყმანოდ გადაწყვიტა დახმარებოდა მოძმე ადამიანებს, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩვენი ახალგაზრდობა გაბედულად იბრძვის თავისუფლებისთვის. დღეს ძალიან რთული დროა, ჩვენ ჯერ არ მოგვიშორებია კორონავირუსი, ომი დაიწყო. თითოეულ ჩვენგანს გული გვაქვს გატეხილი. ანდრეის მსგავსი ხალხი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ თავს ვერ დავიცავდით“.

ბიბილოვის ბრძანებით, ანდრეი ბაკაევს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა მედალი „სამშობლოს დამცველი". გასვენებაში იმყოფებოდნენ რუსეთის ე.წ ელჩი დე ფაქტო რესპუბლიკაში მარატ კულახმეტოვი და ცხინვალში განთავსებული მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზის სამხედრო მაღალჩინოსნები, გარდაცვლილის კუბოს კი დე ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის დროშები ჰქონდა გადაფარებული.

ბაკაევის ჩამოსვენებამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზა“-ს ცნობით, სოციალური ქსელებით გავრცელდა კადრები, რომელთა თანახმად, სამხედრო ტექნიკა ტოვებს ცხინვალს და შემდეგ მთლიანად რეგიონს როკის გვირაბის გავლით. რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე პირების უკრაინაში გაგზავნის გამო, სოციალური ქსელების ცხინვალელი მომხმარებლები აკრიტიკებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. თავის დროზე, სწორედ მისი გადაწყვეტილებით შემცირდა ადგილობრივი „არმიის“ რიცხოვნობა და სამხედროთა ნაწილი კონტრაქტით დასაქმდა რუსეთის მე-4 ბაზაზე. ამასთან, ბიბილოვი აცხადებდა, რომ ეს კონტინგენტი „სამხრეთ ოსეთში“ რუსული ბაზის ტერიტორიაზე დარჩებოდა.

XS
SM
MD
LG