Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ დასალაგებელი არ არის მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არა საქართველოს პარლამენტის წინაშე


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის დეპუტატების ინიციატივას, საქართველოს პარლამენტის წინაშე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შესახებ.

„ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის, ასეთი საკითხები გვარდება, ლაგდება და თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ასეთ თემებს ალაგებენ ხელისუფლებები ერთმანეთთან მოლაპარაკებების გზით, რომელი მოლაპარაკებებიც კიდევ ასე საჯაროდ არ ხდება, ხდება დახურულ ფორმატში. ამიტომ ხატია დეკანოიძის, „ნაცმოძრაობის“ და ომის და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარსდგება თუ არ წარსდგება, რის გამო წარსდგება თუ რის გამო არ წარსდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე", - თქვა მდინარაძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პრეზიდენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს.

ინიციატივა თავდაპირველად დააყენა „ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

„მინდა წინადადება გავაჟღერო და მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს, რომ „ლელო საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით ისევე, როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო", - განაცხადა სამადაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 17 მარტს პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა გერმანიის პარლამენტის - ბუნდესტაგის წევრებს. ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობა ჰქონდა უკვე მიემართა აშშ-ის კონგრესისა და ბრიტანეთის პარლამენტისთვის, ის სიტყვით გამოვიდა ევროპის კავშირის კანონმდებლების წინაშეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG