პოლიციამ სოფიაში დააკავა ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და კიდევ სამი ყოფილი მაღალჩინოსანი. რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს შსს-ში განუცხადეს, რომ 17 მარტს, საღამოს ჩატარებული დაკავების ოპერაციის საფუძველია ევროკავშირის გაერთიანებულ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ფინანსური დახმარების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის გარდა, დააკავეს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვლადისლავ გორანოვი, პარლამენტის საფინანსო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მენდა სტოიანოვა და მთავრობის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი სევდელინა არნაუდოვა.
ბულგარეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.
16 მარტს სოფიაში იმყოფებოდა ევროკავშირის გაერთიანებული პროკურატურის ხელმძღვანელი ლაურა კოვეში, რომელმაც განაცხადა, რომ მის უწყებაში ბულგარეთიდან შესულია სარეკორდო რაოდენობის საჩივრები ევროკავშირის ფინანსური სახსრების არამართლზომიერი გამოყენების შესახებ და ამჟამად 120-ზე მეტი შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს.
ბოიკო ბორისოვი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2009-2013, 2014-2017 და 2017-2021 წლებში. ამჟამად ბორისოვი ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ თავმჯდომარეა. პრემიერობის პერიოდში ბოიკო ბორისოვს კორუფციაში ადანაშაულებდნენ მისი პოლიტიკური ოპონენტები.