Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას - სამოქალაქო სექტორი


საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, სულ 31 ორგანიზაცია, ხელისუფლებას სთავაზობს ათი ნაბიჯის გადადგმას, რომლებიც ქვეყანას დაეხმარება ევროპის კავშირისკენ მიმავალ გზაზე. ორგანიზაციები მზად არიან პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრობა საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის.

უკრაინაში მიმდინარე ომმა, მათი განცხადებით, ევროპეიზაციის პროცესის უპირობო მნიშვნელობა აჩვენა, არა მხოლოდ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური განვითარების მნიშვნელობით, არამედ საქართველოს უსაფრთხოების კუთხითაც.

სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას ურჩევს:

1. შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი;

2. განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით, „მომავლის გზა საქართველოსთვის“(ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება), გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები;

3. გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია;

4. გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის მიღების დასაჩქარებლად;

5. მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა;

6. ახალი რეალობის გათვალისწინებით, ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში, გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს;

7. გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს;

8. განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა;

9. პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო - მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა, ერთი მხრივ, გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და, მეორე მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი;

10. უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.

ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკური განვითარება პოლიტიკური ძალებისათვის კონსოლიდირების და პოლარიზების დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი;
  2. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  3. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია (ISFED);
  5. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  6. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD);
  7. უფლებები საქართველო;
  8. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS);
  9. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  10. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG);
  11. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD);
  12. რონდელის ფონდი;
  13. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  14. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  15. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  16. საფარი;
  17. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
  18. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
  19. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  20. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  21. სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  22. ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT);
  23. დემოკრატიის ინდექსი-საქართველო;
  24. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
  25. სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია;
  26. საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  27. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP);
  28. ღია სივრცე კავკასია (COS);
  29. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  30. სამოქალაქო იდეა;
  31. მწვანე ალტერნატივა.

საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი.

2022 წლის 10 მარტს, საფრანგეთში გამართულ ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე, ევროკომისიას ეთხოვა საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც, შესაძლოა, მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

XS
SM
MD
LG