Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არკადი დვორკოვიჩმა ომის კრიტიკის შემდეგ დატოვა ფონდ "სკოლკოვოს" თავმჯდომარის პოსტი


არკადი დვორკოვიჩი
არკადი დვორკოვიჩი

ფონდ „სკოლკოვოს“ თავმჯდომარემ, რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა გადაწყვიტა დატოვოს პოსტი, რომელიც მას 2018 წლიდან ეკავა. ამის შესახებ RBC იტყობინება დვორკოვიჩის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

როგორც „სკოლკოვოსთან“ ახლოს მყოფმა ორმა წყარომ უთხრა გამოცემას, დვორკოვიჩმა თავისი წასვლის შესახებ 18 მარტს განაცხადა ფონდის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

მანამდე ამერიკულ ჟურნალ Mother Jones-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დვორკოვიჩი უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოვიდა. „ომი ესაა ყველაზე უარესი, რის წინაშეც შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს ცხოვრებაში. ნებისმიერი ომი. სადაც გნებავთ. მათ შორის ეს ომიც. ომები უბრალოდ კლავს ძვირფას სიცოცხლეებს. ომები კლავს იმედებსა და ოცნებებს, ყინავს ან ანგრევს ურთიერთობებსა და კავშირებს“, - მოჰყავს გამოცემას დვორკოვიჩის სიტყვები.

ამის შემდეგ რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიის“ გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა დვორკოვიჩს „ნაციონალ-მოღალატე“ უწოდა. ის გამოვიდა წინადადებით, დვორკოვიჩი გათავისუფლდეს ფონდიდან „საზოგადოების თვითგანწმენდის“ ფარგლებში.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სკოლკოვოში“ დვორკოვიჩის შემდგომი მუშაობა მის პირად გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

დვორკვოვიჩის ანტისაომარი გამონათქვამები დაგმო მთავრობაში მისმა ყოფილმა კოლეგამ, „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზონმა. მისი სიტყვებით, დვორკოვიჩმა, რომელიც საწვავ-ენერგეტიკულ კომპლექსს კურირებდა, რუსეთის მოქალაქეები დამოკიდებული გახადა Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავებზე, კომპანიებისა, რომლებმაც სანქციების გამო შეწყვიტეს რუსეთში მუშაობა. როგოზინის თქმით, ამის შედეგად „ეჭვქვეშ დადგა“ მილიონობით ადამიანის უფლება გადაადგილებაზე.

ფონდ „სკოლკოვოში“ დვორკოვიჩს თავმჯდომარის პოსტი ეკავა 2018 წლიდან, ის აგრეთვე შედის ეკონომიკის მოდერნიზაციისა და ქვეყნის ინოვაციური განვითარების სამთავრობო კომისიაში. დვორკოვიჩი სათავეში უდგას ასევე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია ფიდეს.

ფონდი „სკოლკოვო“ არის „ვნეშეკონომბანკის“ ნაწილი და პასუხისმგებელია მოსკოვის მახლობლად მდებარე სკოლკოვოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრისთვის, რომლის მიზანია წამყვანი ტექნოლოგიების განვითარება და კომერციალიზაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG