Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს „გულახდილი და შინაარსიანი“ მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს


ალყაში მოქცეული მარიუპოლი. 17 მარტი
ალყაში მოქცეული მარიუპოლი. 17 მარტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ "აზრიანი და გულახდილი მოლაპარაკებებისკენ" მოუწოდა რუსეთს და აღნიშნა, რომ ეს მოსკოვისთვის არის "ერთადერთი შანსი“ შეამციროს „საკუთარი შეცდომებისგან მიღებული ზიანი."

"დროა შევხვდეთ, დროა ვისაუბროთ, დროა აღვადგინოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ თქვენ წელში გაიმართოთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 მარტის საღამოს გაკეთებულ მიმართვაში.

ამავე დროს, მედიამ შაბათს გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის კომენტარი. სააგენტო "ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკი განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი, გარკვეული ძვრების მიუხედავად, შესაძლოა, რამდენიმე კვირით გაიწელოს.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ კონსულტაციების დროს ძირითადი საკითხები მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტას, რუსეთის ჯარების გაყვანას და "სადავო ტერიტორიების თაობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებას. „პროცესი შეიძლება შეფერხდეს, ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების რაოდენობის გათვალისწინებით“, - მოჰყავს მიხაილო პოდოლიაკის სიტყვები სააგენტო „ერ-ბე-კა უკრაინას“

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისი არშესვლა ის თემებია, რომლებზეც, მოსკოვმა და კიევმა, სავარაუდოდ, თავიანთი პოზიციები მაქსიმალურად დაუახლოვეს ერთმანეთს.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო და უკვე 24-ე დღეა მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ჯარები განაგრძობენ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში დაბომბვას და ძირითადად ორიენტირებული არიან კიევის მახლობლად ძალების გადაჯგუფებაზე. ბევრ ქალაქში, 19 მარტის ღამეს, კვლავ გაისმოდა საჰაერო განგაშის სიგნალი, ხოლო ყველაზე ინტენსიური დაბომბვა განხორციელდა მარიუპოლში, მიკოლაევში და, ასევე ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სეპარატისტული კონტროლირებადი ნაწილების მიმდებარე ტერიტორიებზე.

მარიუპოლში, სადაც, მოსკოვის თქმით, რუსული ჯარები უკვე შევიდნენ, ახლა ბრძოლები მიმდინარეობს აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნისთვის.

მანამდე, 18 მარტს ზაპოროჟიეს გარეუბანზე რუსეთის ჯარის მიერ განხორციელებული ორი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური, ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერ, ივან არეფიევზე, დაყრდნობით იუწყება.

არეფიევის თქმით, გარდაცვლილთა შორის ერთი ქალაქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომელი იყო, დაჭრილთა შორის კი - სამი. ყველა დანარჩენი დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს იყენებს, როგორც „კვამლის ფარდას“, რათა კიდევ უფრო მეტი "საშინელი მხეცობა" და სამხედრო დანაშაული მოამზადოს. ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა .

XS
SM
MD
LG