Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა საავადმყოფოში უკრაინიდან დევნილი ბავშვები მოინახულა


2022 წლის 16 მარტი, ვატიკანის პავლე მე-4-ის დარბაზი, სადაც რომის პაპს უკრაინული დროშით ხვდებიან
2022 წლის 16 მარტი, ვატიკანის პავლე მე-4-ის დარბაზი, სადაც რომის პაპს უკრაინული დროშით ხვდებიან

პაპმა ფრანცისკემ რომში, „ბამბინო ჯესუს“ ბავშვთა საავადმყოფოში 19 უკრაინელი ლტოლვილი ბავშვი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანის ოფიციალური გამოცემა „Vatican News“-ი ავრცელებს.

ცნობაში აღნიშნულია, რომ ბავშვებმა უკრაინა ომის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში დატოვეს და იტალიაში ონკოლოგიურ და ნევროლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ. საავადმყოფოში ასევე იმყოფებიან ის ბავშვებიც, რომლებიც იტალიაში ცოტა ხნის წინ სერიოზული დაზიანებებით ჩაიყვანეს.

"ვატიკანში დაბრუნებამდე პაპი ეწვია პალატებში მყოფ ყველა პატარა პაციენტს", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ვატიკანის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე საავადმყოფოში 50 უკრაინელი ლტოლვილი ბავშვმა გაიარა მკურნალობა.

მანამდე, გასულ კვირაში, რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის მხარდასაჭერად განცხადება გააკეთა.

მან მარიუპოლის ალყისა და დაბომბვის დროს რუსეთის არმიის ქმედებებს "ბარბაროსული"უწოდა. "ამ კვირაში, ღვთისმშობლის სახელის მატარებელი ქალაქი-მარიუპოლი-გახდა მოწამებრივი ქალაქი იმ სასტიკ ომში, რომელიც უკრაინას ანგრევს. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რამაც შეიძლება გაამართლოს ბავშვების, უდანაშაულო და უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსული მკვლელობები", - განაცხადა ფრანცისკემ.

რომის პაპმა აგრესორს უკრაინაზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. "საჭიროა მხოლოდ ერთი რამ-შეწყდეს მიუღებელი შეიარაღებული აგრესია, სანამ ის ქალაქებს სასაფლაოდ აქცევდეს", - განაცხადა პონტიფიკმა. ამასთან რომის პაპს რუსეთი არ უხსენებია.

მანამდე ვატიკანმა რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა.

XS
SM
MD
LG