Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი ქნესეთს: რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები?


„ჩვენ ვკითხულობთ, რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ თქვენგან იარაღი, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები ან არ ახორციელებს ზეწოლას რუსულ ბიზნესზე?!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 20 მარტს ისრაელის კანონმდებლების წინაშე ვირტუალური გამოსვლის დროს.

უკრაინის პრეზიდენტმა მიანიშნა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში და გაუმეორა თხოვნა, რუსეთისგან თავის დასაცავად სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების და მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.

„ყველამ იცის, რომ შეგიძლიათ ფეხზე წამოდგეთ და დაიცვათ თქვენი ეროვნული ინტერესები და დაგვეხმაროთ დავიცვათ ჩვენი, უკრაინელებისა და უკრაინაში მცხოვრები ებრაელების სიცოცხლე“, - დასძინა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ კრემლის ოფიციალური პირები უკრაინელების მიმართ იყენებენ იმავე ტერმინს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაელთა გენოციდისას, ნაცისტური გეგმისთვის ჰიტლერი იყენებდა.

„თქვენ შეგიძლიათ იყოთ შუამავალი ქვეყნებს შორის, მაგრამ არ შეიძლება იყოთ შუამავალი სიკეთესა და ბოროტებას შორის“, - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ისრაელის კანონმდებლებს.

15 მარტს ისრაელის მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მეშვეობით სავალდებულო რეგისტრაცია შემოიღო, რასაც უკრაინის ხელისუფლების უკმაყოფილება მოჰყვა.

ისრაელის ქნესეთამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს, ბრიტანეთისა და კანადის, პარლამენტებს, შეერთებული შტატების კონგრესს და გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა. წინასწარი ინფორმაციით, 23 მარტს დაგეგმილია უკრაინის პირველი პირის საფრანგეთის პარლამენტისადმი ვირტუალური მიმართვაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG