Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის რადის თავმჯდომარე 10-ზე მეტი ქვეყნის დეპუტატებს, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელს მადლობას უხდის


უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი 10-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტების წევრებს მადლობას უხდის. მისი მადლობა ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრს, ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძესაც, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტის ხელმომწერი.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდიდან, შვედეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან აცხადებენ, რომ "ჩვენ უკრაინასთან ერთად ვდგავართ, რადგან უკრაინა დგას ჩვენთვის". დეპუტატები განცხადებაში სამ აუცილებელ პუნქტს აყენებენ:

  1. "უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის მხარდაჭერა - საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველყოფა უკრაინის ტერიტორიაზე მტრის ტექნიკის გადაადგილების შესაჩერებლად. ეს შეიძლება გაკეთდეს ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის მიწოდებით";
  2. "ჰუმანიტარული დახმარების გაწევა - შესაძლებელი გახდეს საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება უკრაინის ქალაქებში, რომლებიც იბომბება. ასევე, დაჭრილებისა და ლტოლვილების გადარჩენა";
  3. "უკრაინის ბირთვული ობიექტების დაცვა, რადგან საფრთხე ექმნება ყველა მეზობელ ქვეყანას".

"მე გულწრფელად მადლობელი ვარ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს", - წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ფეისბუკზე.

უკვე 26-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG