Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში მიიღეს კანონი, რომელიც „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ აღდგენის საშუალებას იძლევა


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ე.წ. სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლში. ცვლილება აფხაზ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს საშუალებას აძლევს „აღიდგინონ აფხაზური ეროვნული კუთვნილება“.

სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, კანონპროექტს მწვავე განხილვის ფონზე ე.წ. დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მუხლი დასამუშავებელია, ვინაიდან, არსებობს ხიფათი, საქართველოს მოქალაქეებმაც შეიცვალონ ეროვნული კუთვნილება.

ე.წ. დეპუტატმა გივი კვარჩიამ განაცხადა, რომ კანონის მიღება „ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა“. მისი თქმით, 1930-იან წლებში, ერთ ღამეში, „ათასობით აფხაზს ისე შეეცვალა ეროვნება, მათთვის არავის უკითხავს“.

ამ ცვლილებებს როგორც მივცემთ ხმას, ასევე დავრჩებით ისტორიაში“, - განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი კვარჩიამ.

ე.წ. დეპუტატმა საიდ ხარაზიამ კი განაცხადა, რომ კანონის მიღების შემდეგ, „აფხაზეთში მცხოვრებ ადიღებს და სხვა ძმებს შეეძლებათ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება".

ახალი საკანონმდებლო ინიციატივით 2021 წლის 1 მარტს გამოვიდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია. სააგენტო "აფსნიპრესმა" მაშინ სიახლე ასე დაასათაურა: „სამურზაყანოს აფხაზებს ეროვნული კუთვნილების და ისტორიული გვარის აღდგენა შეეძლებათ“. ე.წ. კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 31 მარტს მიიღეს.

ვეტერანების ორგანიზაცია „არუაა“ე.წ. საკანონმდებლო ინიციატივის ოპონენტი იყო. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ ე.წ. კანონში შეტანილი ცვლილება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მეტწილად საუბარია გალში მცხოვრებ ქართველებზე, აფხაზეთის მოქალაქეობის მასობრივად მიღების საშუალებას მისცემდა.

"[აფხაზეთის მოქალაქეობის დაბრუნების] საკითხი დახურულია. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, საქართველომ, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების მეშვეობით, აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა", - ეწერა "არუაას" განცხადებაში. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მაშინ დუმილი არჩია.

XS
SM
MD
LG