Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის ჯგუფმა დაადგინა ვინ არიან, სავარაუდოდ, პუტინის იახტის ეკიპაჟის წევრები


რუსი ოპოზიციონერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, 700 მილიონ დოლარად ღირებული იახტის, „შეჰერაზადას“ ეკიპაჟი რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რაც შესაძლოა, იყოს იმის მტკიცებულება, რომ იახტის მფლობელი პრეზიდენტი პუტინია.

საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, იახტის ეკიპაჟის ყველა წევრი, კაპიტნის გარდა, რუსეთის მოქალაქეა და ბევრ მათგანს მისამართად მითითებული აქვს დაცვის ფედერალური სამსახურის სოჭის სამხედრო ნაწილი.

გერმანიაში 2020 წელს გამოშვებული 140-მეტრიანი იახტის მფლობელის ვინაობა ოფიციალურად უცნობია. 2022 წლის მარტში, ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერდა, რომ „შეჰერეზადა“, სავარაუდოდ, პუტინის იახტაა.

2020 და 2021 წლების ზაფხულში იახტა იმყოფებოდა სოჭის აკვატორიაში. სოჭის სანაპიროზე პუტინის ერთ-ერთი რეზიდენცია მდებარეობს. იახტასთან რუსეთის პრეზიდენტის კავშირზე ამერიკულ გამოცემას უამბო ეკიპაჟის ყოფილმა წევრმა. ამასთან, იახტის ბრიტანელმა კაპიტანმა გაი ბენეტ-პირსმა არ დაადასტურა, რომ „შეჰერაზადა“ პუტინის საკუთრებაა, თუმცა, მფლობელის დასახელებაზე უარი თქვა.

იახტა ამჟამად იტალიაში იმყოფება. თუ მასთან პუტინის კავშირი დამტკიცდება, იახტას დააპატიმრებენ უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ მოქმედი პერსონალური სანქციების საფუძველზე. ევროპაში იახტები უკვე დაუპატიმრეს სანქცირებულთა სიაში მყოფ არაერთ რუს ოლიგარქს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG